მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტეფანწმინდადან ლარსამდე მისასვლელი 4.5-კილომეტრიანი გზა ₾246 მლნ დაჯდება

გზა
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.23 13:28
3614
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტეფანწმინდადან ლარსამდე მიმავალი გზის მოდერნიზების პროექტი წარადგინა. 4.5 კილომეტრის სიგრძის გზა რუსეთის საზღვრამდე მიდის და მისი მშენებლობა საქართველოს ბიუჯეტს 246 მილიონი ლარი დაუჯდება.  

ორზოლიანი გზის პროექტი ურთულეს გეოგრაფიულ არეალში გაივლის და მგზავრობის დროს მკვეთრად შეამცირებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აშენდება ორი ესტაკადა და ორი გვირაბი, მათი პარამეტრები ასეთი იქნება:

• ესტაკადა N1 მდ.თერგზე - სიგრძე 2018 მეტრი;
• ესტაკადა N2 - სიგრძე 636 მეტრი;
• გვირაბი N1 - სიგრძე 460 მეტრი;
• გვირაბი N2 - სიგრძე 846 მეტრი.

მთლიანობაში გვირაბებსა და ესტაკადაზე დაგეგმილი საპროექტო მანძილის 88% მოდის, სწორედ ამის გამო, ერთი კილომეტრის აშენების საშუალო ღირებულება ბიუჯეტს 55 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც გზის ყოველ მეტრზე 54,670 ლარს შეადგენს.

გზის პარამეტრები ასეთი იქნება:

• საანგარიშო საპროექტო სიჩქარე - 60 კმ/სთ;
• მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ;
• სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
• სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ;
• სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2.

“საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდნ შემოსაზღრულია მთებით,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს 28 ივლისამდე შეეძლებათ. პირობების თანახმად, კონტრაქტორმა უნდა დაადასტუროს რომ მისი წლიური ბრუნვა ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 57 მილიონი დოლარი იყო, ამასთან, ამავე პერიოდში შესრულებული აქვს ერთი კონტრაქტი მაინც, რომლის ღირებულებაც არანაკლებ 76 მილიონი დოლარია, ხოლო გაყვანილი აქვს გვირაბები, რომელთა სიგრძეც არანაკლებ 1.3 კილომეტრია, ხოლო გაყვანილი აქვს ხიდები, რომელთა სავალი ნაწილის ფართობიც არანაკლებ 20,500 კვადრატული მეტრია. 

ახალი გზა წარმოადგენს ჩრდილოეთი-სამხრეთის ახალი მაგისტრალის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს. ამჟამად უკვე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც გვერდს უვლის გუდაურს და მგზავრობის მანძილს დაახლოებით 45 წუთით ამცირებს, ასევე აუმჯობესებს საატვომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას. გზის მშენებლობა 1.2 მილიარდ ლარამდე ჯდება, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის 6.4 კილომეტრიც უკვე გაჭრილია.

საპროექტო გზის გეგმა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები