ავტოინდუსტრიის ლიდერმა, Stellantis-მა ჩინურ სახელმწიფო ავტოკონცერნ Dongfeng-თან ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. არსებული ინფორმაციით, ახალი პროექტი საფრანგეთში, რენის ქარხანაში ჩინური Voyah-ს მოდელების წარმოებას ითვალისწინებს.
ახალ საწარმოში Stellantis-ი საკონტროლო 51%-იან წილს ფლობს, ხოლო დარჩენილი ნაწილი Dongfeng-ს ეკუთვნის. როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, ეს თანამშრომლობა ჩინურ ავტომწარმოებელს Voyah-ს ბრენდის ევროპულ ბაზარზე დისტრიბუციაში დაეხმარება.
საყურადღებოა, რომ მიმდინარე თვეში Stellantis-მა Dongfeng-თან 1 მილიარდი ევროს ($1.1 მლრდ.) ღირებულების კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმა. დასახელებული გარიგება ჩინეთის შიდა ბაზრისთვის და ექსპორტისთვის Jeep-ისა და Peugeot-ს ახალი მოდელების ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს. პარალელურად, Stellantis-მა გააფართოვა პარტნიორობა ჩინურ კომპანია Leapmotor-თან, რომლის 21%-იანი წილიც კორპორაციამ 2023 წელს შეიძინა. ახალი გარიგებით ის ესპანეთში მდებარე ერთ-ერთ ქარხანას პარტნიორს გადასცემს და Opel-ის ბრენდის ელექტრომობილს მასთან ერთად შექმნის.
ცნობისთვის, ჩინური სახელმწიფო კომპანია Dongfeng-ი Stellantis-ის ძველი პარტნიორია და ის ევროპულ კონცერნში გარკვეულ წილს დღემდე ინარჩუნებს. ამჟამად ჩინური გიგანტი შიდა ბაზარზე არსებული საფასო ომის გამო ძლიერ ზეწოლას განიცდის, რის გამოც ის საერთაშორისო გაყიდვების გაზრდას აქტიურად ცდილობს.




























