მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Stellantis-ი საფრანგეთში ინვესტიციებს ზრდის და Peugeot-ს ახალი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

stellantis

ავტომწარმოებელმა Stellantis-მა განაცხადა, რომ განახლებული გლობალური სტრატეგიისა და ახალი პროდუქტების გამოშვების ფარგლებში, 2029 წლიდან აღმოსავლეთ საფრანგეთში, მიულუზის ქარხანაში Peugeot-ს სამი ახალი ელექტრო და ჰიბრიდული მოდელის წარმოებას დაიწყებს.

ახალი მოდელების ჩაშვებას მხარს მიულუზის ქარხანაში განხორციელებული 400 მილიონი ევროს ინვესტიცია დაუჭერს, რასაც კვლევისა და განვითარებისთვის კიდევ 500 მილიონი ევრო დაემატება. R&D-ის ხარჯების დიდი ნაწილი ახალ STLA One პლატფორმას მოხმარდება, რომელიც ელექტრიფიცირებული ავტომობილების ახალი ხაზის საფუძვლად არის შექმნილი.

ეს დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მაისში ფრანგულ-იტალიური ავტომწარმოებლის მიერ საფრანგეთში 1 მილიარდი ევროს ინვესტიციის შესახებ განაცხადა.

გასულ თვეში წარდგენილი Stellantis-ის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი - STLA One პირველად ესპანეთში, 2027 წელს ამოქმედდება, სადაც ახალი Peugeot 208-ის წარმოება დაიწყება.

აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტონიო ფილოსამ მიულუზის ობიექტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Stellantis-ი 2035 წლისთვის ახალ პლატფორმაზე გლობალურად წელიწადში 2 მილიონი ავტომობილის წარმოებას გეგმავს.

მისი თქმით, ახალი პლატფორმა არსებულ არქიტექტურებთან შედარებით დაახლოებით 20%-ით უფრო კონკურენტუნარიანი იქნება.

"ეს იქნება პლატფორმა, რომელიც Stellantis-ს ჩინურ კომპანიებთან ხარჯების თანაბარ დონემდე მიიყვანს“, - აღნიშნა ფილოსამ.

მან დასძინა, რომ კომპანია ევროპაში ჭარბი საწარმოო სიმძლავრეების შემცირებაზეც მუშაობს, რასაც პარტნიორებთან ქარხნების გაზიარებით (მაგალითად რენში) ან მიულუზის მსგავს ობიექტებზე ახალ პროდუქტებში ინვესტირებით აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები