მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Stellantis-ის ამერიკაში $13 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

Stellantis

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი, Stellantis-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში $13 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც ირკვევა, მსხვილი ინვესტიცია მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩაიდება და მოიცავს არამარტო ახალი საწარმოს აგებას, არამედ ილიონისში დახურული ობიექტის გახსნას და ამერიკაში მოქმედ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

Stellantis-ში მოელიან, რომ ინვესტიცია 5,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამასთან, შესაძლებლობების გაზრდა კომპანიას ხუთი ახალი მოდელის გამოშვების საშუალებას მისცემს. მათ შორის, იქნება Jeep-ის ორი ახალი ავტომობილი, რომელთა წარმოებაც აქტიურად 2027 წელს დაიწყება. აქვე უნდა განიმარტოს Stellantis-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოტივიც. როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო ფილოსა აცხადებს, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სატარიფო პოლიტიკა კომპანიას ამერიკის ბაზრისთვის დამოუკიდებელი წარმოების ხაზის შექმნისკენ უბიძგებს.

Stellantis-ის გადაწყვეტილებას ბირჟებზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. კომპანიის აქციების ფასი გამოცხადების შემდეგ 4%-ით გაიზარდა და ახლა ერთი აქცია €8.56 ევროდ ივაჭრება. ერთადერთი რეგიონი, რომელიც ახალი ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ზიანდება, კანადა, კერძოდ ონტარიოა, სადაც ავტომწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს ფლობს და ამით ტრანსპორტირების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა ფილოსა პირობას დებს, რომ მომავალი წლისთვის კომპანიის სტრატეგია ისე გადალაგდება, რომ წაგებულ პოზიციაში არც ონტარიოს საწარმო დარჩეს.

შეგახსენებთ, Stellantis-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომელიც წლების წინ Fiat Crysler-ისა და PSA Group-ის, იგივე პეჟოს გაერთიანებით შეიქმნა და დღეს დღეობით ისეთი ბრენდების ავტომობილებს უშვებს, როგორებიცაა Jeep-ი, Dodge, Fiat-ი, Citroën-ი, Opel-ი და Maserati.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები