მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Stellantis-მა და Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის ხუთწლიანი შეთანხმება გააფორმეს

stellantis

Stellantis-ი და Microsoft-ი ხუთწლიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოებისა და საინჟინრო შესაძლებლობების ერთობლივ განვითარებას ითვალისწინებს. აღნიშნული ნაბიჯით Stellantis-ი ტექნოლოგიურ სფეროში კონკურენტებთან ჩამორჩენის აღმოფხვრას გეგმავს.

ხელშეკრულების ფარგლებში ორივე კომპანიის სპეციალისტებისაგან ჩამოყალიბებული გუნდი ხელოვნური ინტელექტის 100-ზე მეტ ინიციატივაზე იმუშავებს. Stellantis-ის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, ნედ კურიჩის განმარტებით, კოლაბორაცია საწარმოო პროცესებში ინოვაციების ტემპს დააჩქარებს. კომპანია საკუთარი კიბერთავდაცვის ცენტრის გაძლიერებას Microsoft-ის ანალიტიკური ხელსაწყოებით აპირებს. როგორც ირკვევა, სისტემა მოიცავს IT ინფრასტრუქტურას, წარმოების პროცესებსა და დაკავშირებულ ავტომობილებს.

აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელი IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას Microsoft-ის Azure-ის ქლაუდ პლატფორმაზე განახორციელებს. თავის მხრივ, Stellantis-ი 2029 წლისთვის მონაცემთა ცენტრების რაოდენობას 60%-ით შეამცირებს და სანაცვლოდ Microsoft-ზე დამოკიდებულებას გაზრდის. გარიგების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. ცნობისთვის, Stellantis-ი აქამდე Amazon-თანაც თანამშრომლობდა, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, ეს კავშირი გაწყდება.

შეგახსენებთ, Stellantis-ი ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Jeep-ი და Peugeot-ი. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანია Microsoft-თან ციფრული სერვისებისა და ავტომობილებისთვის AI პლატფორმების შექმნის მიმართულებით აქამდეც თანამშრომლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები