საქართველოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის 2025 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 102 901 900 ლარამდე გაიზარდა.
„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 10 ივლისის 1107-ე განკარგულების მიხედვით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 იანვრის 186-ე განკარგულებაში. უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხის მოცულობები რამდენიმეჯერ დაკორექტირდა. 10 ივლისის ცვლილებით კი ბიუჯეტი 6.6 მლნ ლარით არის გაზრდილი.
იანვრის ბოლოსთვის ანუ წლის დასაწყისისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტისთვის 6 400 000 ლარი იყო გამოყოფილი. ამის შემდეგ მთავრობამ სტიქიების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფილი თანხის მოცულობა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა უკვე მეხუთედ დააკორექტირა. აღნიშნული თანხა 45 მუნიციპალიტეტზე განაწილდება.
განსხვავებული მოცულობის თანხები გაწერილია ზუგდიდის, ხარაგაულის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, სენაკის, ხონის, ბაღდათის, გორის, თიანეთის, თერჯოლის, წალენჯიხის, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ლენტეხის, მარნეულის, ლაგოდეხის. ყვარლის, ჩოხატაურის, ვანის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ქუთაისის, თეთრიწყაროს, ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, ზესტაფონის, თელავის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, ონის, ბოლნისის, ხობის, ფოთის, მცხეთის, დუშეთის, სამტრედიის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებისთვის.




























