მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო

ლელო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი მათ წინააღმდეგ საქართველოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა "ლელოს" დამფუძნებლების უფლებადამცველმა ზვიად კორძაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მათ წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო, სწორედ ამიტომ სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში დაჩქარებული წესით მიიღო.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს 2 თვის წინ მივმართეთ განაჩენთან დაკავშირებით რომელიც ბატონ მამუკასთან და ბატონ ბადრისთან დაკავშირებით იყო დამდგარი. ჩვენ სასამართლოს სამი მუხლით მივმართეთ. ეს არის ადამიანთა უფლებათა კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლის დარღვევა. მე-6 მუხლი ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, მე-7 მუხლი ეს არის არანაირი სასჯელი კანონის გარეშე და მე-18 მუხლი კი ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც მიგვაჩნია რომ არ განაჩენით განხორციელდა. სამივე მუხლთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობასთან მიმართებით დასვა კითხვები, ძალიან იშვიათად მოკლე დროში მოხდა საქმის წარმოებაში მიღება და საქმე გადასულია განხილვის ეტაპზე. აქ არავითარი დანაშაული არ ყოფილა არათუ ფულის გათეთრება, რა ნაწილშიც გავმართლდით,"- აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 იანვარს ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულების გამო ისინი არ დააპატიმრეს. მოსამართლემ სამივე მათგანს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, 2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც.

საქმე 2008 წელს TBC ბანკის მიერ კომპანიებზე სამგორი M-სა და სამგორი თრეიდზე გაცემულ სესხებს უკავშირდებოდა, პროკურატურა აცხადებდა, რომ ამ სესხებით და შემდეგ განხორციელებული ოპერაციებით 16,664,000 დოლარის გათეთრება მოხდა, რაც შემდგომ სასამართლომვე გადააკვალიფიცირა და განაჩენი ფულის გათეთრების მუხლით არ გამოიტანა.

საქართველოში აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოება 2023 წლის სექტემბერში დასრულდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო და განაჩენი უცვლელად დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები