საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.
"მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა და ასევე, წერილში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე შეიძლება გახდეს ეს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვა ძალიან მოკლე ვადებში დაიწყო, 2 თვის წინ გავაგზავნეთ საქმე და უკვე არსებითად იხილება", - თქვა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე.
მისი განმარტებით, დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, ყველა მუხლთან დაკავშირებით დაწყებულია კომუნიკაცია საქართველოსთან და ქვეყანას მიეცა შესაბამისი დრო, რომ უპასუხოს საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს კითხვებს.
2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).




























