საფრანგეთში, კერძოდ სტრასბურგში ორი ტრამვაის შეჯახების შედეგად 68-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ფაქტი ქალაქის ცენტრალურ მატარებლის სადგურზე მოხდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ტრამვაის იმ მომენტისათვის ათეულობით მგზავრი გადაჰყავდა. თუმცა, არცერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისათვის კრიტიკული არ არის.
ინციდენტის ადგილას 130 მეხანძრე-მაშველი და 50 სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული, უსაფრთხოების ზომების მისაღებად.
„დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფება შედარებით საგანგებო მდგომარეობაში, დაზიანებებით, როგორიცაა სკალპის ჭრილობები, ლავიწის მოტეხილობები და მუხლის დაჭიმვა. მაგრამ კრიტიკული დაზიანებები არ არის. ეს შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო“, - განაცხადა ბას-რაინის სახანძრო და სამაშველო სამსახურის დირექტორმა, რენე სელიემ.
ამ ეტაპზე, ავარიის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ინციდენტი ერთ-ერთი ტრამვაის უკუსვლით მოძრაობამ გამოიწვია.