სტრატეგიულ ენერგეტიკულ ობიექტებზე სანქციების რისკის შესამცირებლად, სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია - ამის შესახებ BMG-სთან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ფარცვანია საუბრობს.
მისი განმარტებით, დასავლური სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებთან პარტნიორობა და მათზე წილობრივი დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკისა და რეპუტაციისთვის სერიოზული გამოწვევაა - როდესაც ქართული კომპანიები საერთაშორისო სანქციების სიებში ხვდებიან, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის საგარეო ვაჭრობასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
„ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ გვინდა ევროკავშირთან, დასავლეთის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, გვინდა, ვივაჭროთ და პროდუქცია ევროპაში გავიდეს ან ევროპიდან შემოვიდეს. ამიტომ ასეთ ფაქტებს - როცა ქართული კომპანიები სანქცირებულთა სიებში ხვდება - ძალიან ცუდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე.
მაგალითად, საფინანსო სექტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ფინანსურ სისტემებთან. როცა ტრანზაქციები ხორციელდება, ყველა უყურებს - საიდან მოვიდა ფული, სად გადის, რა კომპანიებს შორისაა ტრანზაქციები. სანქციების გამო, კი ხშირად ყოვნდება ტრანზაქციები, რათა დამატებითი კონტროლი გაიაროს. ამიტომ, ეს რეპუტაციულად ცუდი ამბავია. ფინანსურადაც შესაძლებელია შეჩერება. ამის გამო ურთიერთობას და ვაჭრობას ევროკავშირთან საფრთხე ექმნება“ - განმარტავს ვახტანგ ფარცვანია BMG-სთან.
ეკონომისტი გამოსავალს მფლობელების ცვლილებაში ხედავს და მიიჩნევს, რომ ამ პროცესში სახელმწიფომ აქტიური როლი უნდა ითამაშოს.
„რადგან ეს კომპანიები სტრატეგიულ ინდუსტრიაში არიან და მათი გამართული მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მათ სანქციებთან კავშირი არ ჰქონდეთ. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ენერგეტიკის სექტორში, სადაც მონოპოლიზებული წილია, სახელმწიფო ხშირად თავად ხდება მფლობელი, რათა თავიდან აიცილოს გარე რისკები,“ - ამბობს ვახტანგ ფარცვანია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კომპანიებმა წარმოადგინონ მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ როგორ აპირებენ დასანქცირებული მფლობელების ჩანაცვლებას ლოკალური ინვესტორებით ან სახელმწიფო მონაწილეობით, რათა რუსულმა მხარემ საქართველოდან ბიუჯეტის შესავსებად შემოსავალი ვეღარ მიიღოს.
ევროკავშირის შეფასებით, "ინტერ რაო" რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სუბიექტად რჩება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს. ამიტომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, კომპანია ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა.
Inter RAO-ს საქმიანობა საქართველოში რამდენიმე ენერგეტიკულ აქტივს მოიცავს. რუსული ჰოლდინგი საქართველოში არაპირდაპირ ფლობს კომპანია „თელასსა“ და „ხრამჰესი 1/2“-ს ჰოლანდიაში რეგისტრირებული შვილობილი სტრუქტურების მეშვეობით. "თელასის" 24,52%-ს კი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჰოლდინგი ფლობს.




























