„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ რუსული „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter Rao "თელასის ჯგუფის” 75.47%-ის მფლობელია, კომპანიის 24,52%-ს კი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჰოლდინგი ფლობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია და კონკრეტული კომპანიის მესაკუთრეები ამ თუ საკითხს თავად მოაგვარებენ.
„რაც შეეხება „ინტერ რაოს“ დასანქცირებას, მასთან ერთად არიან სხვა მესაკუთრეები, როგორც ვიცი, ქართველებიც. ერთმანეთში გაერკვევიან. ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც ვიცავთ და 2012 წლიდან მოვყვებით. თუ საჭირო აუცილებლობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის მოქმედებების, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ, თუმცა ბიზნესი ხელშეუხებელია, თავად მოაგვარებენ და გაერკვევიან საკითხში.
ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იყო საქართველოს საკუთრება. როდესაც ვსაუბრობთ „სისხლიან რეჟიმზე“, ზუსტად ერთ-ერთი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი იყო მსგავსი კომპანიების გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ასდისო; გვეუბნებოდნენ, არაფერი ფუჭდება იმით, რომ ქვეყანაში რუსული ბიზნესი შემოდის და ახორციელებს საქმიანობასო. ეს ყველაფერი ხდება 2008 წლის შემდეგ. წერილებს აგზავნიდნენ, რომ როგორმე დაეთბოთ ურთიერთობები, გაემართათ კულტურული ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა, წამოვიდა დავალება „დიფ სთეითიდან“ - მათი პატრონებიდან და თუ რაიმეს რუსული ჰქვია, ყველაფერი ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა. ასევე, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პირნათლად ასრულებენ დავალებებს, რომლებიც თავიანთი პატრონების მხრიდან მოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება საჭირო და აუცილებელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, აუცილებლად გადავდგამთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.




























