თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო განაცხადების მიღება 3 სექტემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 696 865 ლარია. დაფინანსების წყარო თბილისის 2026 წლის ბიუჯეტია. წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. კერძოდ, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებსა და საავტომობილო გზას.
თბილისის მერიის ინფორმაციით, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ახალი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ველობილიკი.
პროექტი გარე განათების ქსელის განახლებასაც ითვალისწინებს. გამზირზე დამონტაჟდება LED სანათები, ხოლო მარჯანიშვილის მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება.
„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ჩვენი მიზანია, ქალაქში შევქმნათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება და, რაც მთავარია, ათეულ წლებს გაუძლებს.
ამჯერად, ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაციას - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი.
ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED ლამპიონები. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას მოუწოდა.




























