წლების მანძილზე, ექსკლუზიურად ჰარი პოტერის ლიცენზირებული პროდუქციის მაღაზიათა ქსელი „ოლივანდერი“, ერთგული ფანების საყვარელ დანიშნულების ადგილად იქცა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ზედმეტად ნიშურ სეგმენტში ოპერირება ზრდის საოპერაციო რისკებს, როგორიცაა ბაზრის გაჯერება, მომხმარებელთა ინტერესებისა და ქცევის ცვალებადობა და ახალი თაობის განსხვავებული გემოვნება.
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ოლივანდერ ჯგუფმა აირჩია სტრატეგიული რეპოზიციონირება - ნაბიჯი, რომელმაც კომპანია „ჰარი პოტერის მაღაზიიდან“ ფილმების, ანიმაციებისა და ტრენდული აქსესუარების სრულფასოვან ჰაბად აქცია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, რეპოზიციონირება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგად გახდა საჭირო. მათგან აღსანიშნავია:
- ბაზრის გაჯერება – ჰარი პოტერის პროდუქციის მიმართ ინტერესი სტაბილურია, მაგრამ აღარ იზრდება იმ ტემპით, რაც ადრე.
- ახალი თაობის მოლოდინები – Z და ალფა თაობები ფრენჩაიზების უფრო მრავალფეროვან არჩევანს მოითხოვენ და არ კმაყოფილდებიან მხოლოდ შეთავაზებული ფრენჩაიზით.
- კონკურენცია – გლობალური ონლაინ პლატფორმების დახმარებით, ქართველ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მათთვის სასურველი ნებისმიერი ფრენჩაიზის ნივთი შეიძინონ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ქართველი მომხმარებლების ხარჯვებს ადგილობრივ ბაზარზე.
ოლივანდერ ჯგუფის ახალი ხედვის საფუძველზე, ორგანიზაციაში იცვლება ძირეული მარკეტინგული კომპონენტები: პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა და მოიცვა როგორც ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხები, ასევე Marvel-ის, Disney-ის, Pixar-ის და ანიმეების პერსონაჟების თემატური პროდუქცია. შეიცვალა მიზნობრივი აუდიტორიაც - ამიერად, ოლივანდერის მაღაზია არა მხოლოდ ჰარი პოტერის ერთგული ფანების შეკრების ადგილია, არამედ ფართო სპექტრის „გიკ-კულტურის“ წევრებისაც. გადაიხედა ბრენდის მესიჯი და სლოგანიც – თუ ადრე ოლივანდერის მაღაზია მხოლოდ „პოტერჰედთა ოცნებებს ასრულებდა“, ახლა ოლივანდერის მაღაზია „ყველა ფანდომის სახლად“ იქცა.
სტრატეგიული რეპოზიციონირებით განხორციელებულმა ცვლილებებმა, ორგანიზაციაში შექმნა დივერსიფიცირებული მოთხოვნა, რაც ოლივანდერ ჯგუფის მდგრადობის საფუძველი გახდა. გაფართოვდა ჯგუფის ოპერირების არეალიც, რაც შესაძლებლობას აძლევს კომპანიას ითანამშრომლოს წამყვან ამერიკულ და იაპონურ ბრენდებთან.
კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია იცვლება, თუმცა მომხმარებელზე ზრუნვა რჩება ოლივანდერ ჯგუფის უცვლელ ღირებულებად.




























