მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწრაფად მზარდი მოსახლეობა, ეკონომიკა და ციფრული პენეტრაცია - ნიკა ქურდიანი უზბეკეთის ბაზრის უპირატესობებზე

თიბისი უზბეკეთი

რატომ გადაწყვიტა თიბისიმ უზბეკეთში გაფართოება? - ამის შესახებ თიბისი უზბეკეთის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა და "თიბისი ჯგუფის" საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა, ოლივერ ჰიუზიმ გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" ისაუბრეს.

როგორც ქურდიანმა აღნიშნა, უზბეკეთის ბაზარს რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორისაა სწრაფად მზარდი მოსახლეობა, ასევე მზარდი ეკონომიკა და ციფრული პენეტრაციის მაღალი მაჩვენებელი.

"საქართველო სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა მას ერთი ბუნებრივი ლიმიტი აქვს და ეს არის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც 3.5 მილიონს შეადგენს. შედარებისთვის, ამჟამად უზბეკეთში 37 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ჩვენ როდესაც ამ ქვეყანაში შემოვედით, მაშინ აქ 32 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ანუ მისი მოსახლეობა სწრაფად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 1 მილიონი ბავშვი დაიბადა, ანუ დემოგრაფიული თვალსაზრისით ქვეყანა შესანიშნავად გამოიყურება. ასევე, მოსახლეობის საშუალო ასაკი 29 წელს შეადგენს და ის ყოველწლიურად უფრო მეტად ახალგაზრდავდება, რაც მაღალი შობადობით არის განპირობებული.

მაშინ, როცა საქართველოს მსგავს მცირე ზომის ქვეყანაში ოპერირებ და თან ამ დროს საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანია ხარ, ცხადია, ინვესტორების წინაშე გაქვს ზრდის უზრუნველყოფის ვალდებულება, ამიტომ გაფართოების სტრატეგიაზე გიწევს ფიქრი. ჩვენ ფსონი დავდეთ უზბეკეთზე, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ თუ გეგმას ზუსტად მივყვებოდით და ყოველ ნაბიჯს ზედმიწევნით ზუსტად აღვასრულებდით, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდით, რაც TBC Group-ისთვის „ბუსტის“ გამომწვევი იქნებოდა. ეს იყო მთავარი მიზანი, რატომაც გადავწყვიტეთ უზბეკეთის ბაზარზე შესვლა.

გარდა ამისა, მოსახლეობასთან ერთად, იზრდება უზბეკეთის ეკონომიკა. ბოლო წლების განმავლობაში საშუალო ზრდა 5% იყო და ამ ტენდენციის გაგრძელდება მომავალ წლებშიც არის პროგნოზირებული.

ასევე, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია ციფრული პენეტრაციის მაჩვენებელი - სმარტფონები მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, ინტერნეტის ხელმისაწვდომობაც მშვენიერია. საგადახდო მიმართულებითაც სტატისტიკა შესანიშნავია, რადგან ქვეყანაში 46 მილიონი საბანკო ბარათია რეგისტრირებული. ასეთი მყარი ინფრასტრუქტურა გაძლევს იმის საშუალება, რომ შეხვიდე ბაზარზე და იქ რაღაც ინოვაციური გააკეთო", - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

"თიბისი ჯგუფის" საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა, ოლივერ ჰიუზიმ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ თიბისის უზბეკეთში დამოუკიდებელი გუნდი ჰყავს, რომელიც ადგილობრივი ბაზრის მახასიათებლების შესაბამისად მუშაობს.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უზბეკეთში გაფართოებისთვის TBC-იმ ცალკე გუნდის შექმნა გადაწყვიტა, რაც სწორი მიდგომაა. აქამდე არაერთ ბანკს უცდია საკუთარ არსებულ სტრუქტურაში რაღაც ახლის შექმნა, მაგრამ მათ ეს არ გამოსვლიათ. TBC-ის შემთხვევაში ვხედავთ ცალკე გუნდს, რომელსაც ცალკე პლატფორმა აქვს და დამოუკიდებელი მენეჯმენტი მართავს. უზბეკეთის და საქართველოს შემთხვევაში TBC-ის მიდგომა განსხვავებულია, რადგან თავად ქვეყნები განსხვავებულია, ამიტომ ბიზნესმოდელიც ინდივიდუალურად არის შერჩეული. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დამოუკიდებლობა TBC UZ-ს მეტ თავისუფლებას აძლევს, რათა უფრო სწრაფად გაიზარდოს, განვითარდეს, შეცდომები დაუშვას, მათ გამოსწორებაზე იმუშაოს და ბაზართან ადაპტირდეს. ამასთან, TBC UZ-ს ყველანაირი ლიცენზია აქვს, ადგილობრივი დეპოზიტებით ფინანსდება და თან მოგებაზე იმყოფება, რაც ყველანაირად მისასალმებელია", - აღნიშნა ოლივერ ჰიუზიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები