საკვებისა და სასმლის ინდუსტრიის საკონსულტაციო კომპანია Towards FnB-ს თანახმად, სწრაფი კვების გლობალური ბაზრის მოცულობა, 2025 წელს, $863.8 მილიარდ დოლარს აღწევს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კი თითქმის $1.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამასთან, სწრაფი ურბანიზაციის, საშუალო ფენის მოსახლეობის ზრდისა და ყოველდღიური საკვები რაციონის ცვლილების გამო, 2034 წლისთვის სწრაფი კვების ინდუსტრიის ლიდერი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი იქნება.
სწრაფი კვება დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა მომხმარებლებისთვის მრავალი სარგებლის გამო. ის ხელმისაწვდომია, მოსახერხებელია თან სატარებლად და იდეალურია დატვირთული სამუშაო გრაფიკის დასაბალანსებლადაც.
ინდუსტრიის ზრდას ასევე განაპირობებს დასავლური სამზარეულოს, ბურგერების თუ პიცის გლობალური გავრცელებაც, რასაც სწრაფი კვების უდიდესი ქსელების რეიტინგიც ადასტურებს.
KFC
ამ რეიტინგში მეხუთე ადგილს KFC, იგივე Kentucky Fried Chicken იკავებს და, სახელიც განაპირობებს, რომ ქსელი შემწვარი ქათმის მიმართულებით გლობალური ლიდერია. აშშ-ში დაბადებულმა ბრენდმა ბოლო წლებში აზიის მასშტაბით თავისი პოზიციები მკვეთრად განამტკიცა და, მხოლოდ გაყიდვების მიხედვით, რამაც 2024 წელს გლობალურად $31 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, აზიაში N1, მსოფლიოში კი რიგით მეორე ქსელია. პლანეტის მასშტაბით KFC-ის 30 ათასზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს.
Subway
დღეს Subway სწრაფი მომსახურების რესტორნებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მართავს. ბრენდი, რომელიც პერსონალიზირებული სენდვიჩების მოდელით 60 წელია ოპერირებს, სწრაფი კვების სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ალტერნატივადაც მიიჩნევა. მიუხედავად მშობლიურ შტატებში პოზიციების შესუსტებისა, გლობალურ ბაზარზე Subway ზრდის სტაბილურ ტემპს ინარჩუნებს. გასულ წელს ქსელის 37 ათასზე მეტ რესტორანში, შემოსავლის მოცულობამ $16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
Starbucks
მხოლოდ შემოსავლის მიხედვით, მსოფლიოში Starbucks-ის ქსელი ლიდერობს, რასაც პრემიუმ ყავის კულტურა და მომხმარებლის ლოიალობის პროგრამათა სიუხვე განაპირობებს და Starbucks-ს ყავის მოყვარულთათვის გლობალურ ბრენდად აქცევს. მისი სიძლიერე ურბანული ლოკაციები, სასმელების ინოავციური სახეები და კაფეების მყუდრო ატმოსფეროა. ბრენდი განსაკუთრებულად ძლიერად ამერიკის შეერთებული შტატებისა და აზიის ბაზრებზე პოზიციონირებს. გლობალურად Starbucks-ის 40 ათასზე მეტ ფილიალს ვხვდებით. 2024 წელს კი კომპანიის შემოსავალი $36 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
McDonald's
სტანდარტიზებული მენიუს წყალობით, ცნობადობის კომპონენტით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი McDonald's-ია, რომელიც შემოსავლების მიხედვითაც მოწინავე პოზიციებზეა. ქსელი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და სწრაფი მომსახურების რესტორნების ინდუსტრიაში მოგებიანობისა და ეფექტიანობის სტანდარტს ამკვიდრებს. გასულ წელს McDonald's-ის შემოსავალმა, გლობალური მასშტაბით, $26 მილიარდი შეადგინა. კომპანია მსოფლიოში თითქმის 42 ათასი რესტორნით ოპერირებს.
Mixue Ice Cream & Tea
ისტორიაში პირველად, სწრაფი კვების ბრენდებს შორის, ფილიალების რაოდენობის მიხედვით, McDonalds-ი აღარ ლიდერობს. ის წელს Mixue Ice Cream & Tea-მ (მიშუეი) ჩაანაცვლა. ჩინეთში 1997 წელს დაფუძნებული რესტორანი ბოლო წლებში აზიის მასშტაბით სწრაფად გაფართოვდა. მისი ბიზნესმოდელი, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ნაყინისა და ბურთულებიანი ჩაის შეთავაზებაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებული აღიარებით განვითარებად ბაზრებზე სარგებლობს. ბრენდი ჩინეთთან ერთად 15-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი, ძირითადად აზიისა და ოკეანიის რეგიონებში. ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატებში კი პირველი რესტორნები მიმდინარე წელს გაიხსნა. “მიშუე” მომხმარებელს ჩაისა და ნაყინს 45 ათასს ფილიალში სთავაზობს, თუმცა კომპანიის შემოსავალი, გასულ წელს, $3.5 მილიარდს არ აღემატებოდა.
სწრაფი კვების უდიდესი ქსელების ათეულში ასევე ვხვდებით Dunkin Donuts-ის, Pizza Hut-ის, Burger King-ის, Domino’s Pizza-ისა და Luckin Coffee-ის ბრენდებს.
| ბრენდი | ფილიალები | შემოსავალი |
| Dunkin’ | 12 700 | $10 მლრდ |
| Pizza Hut | 18 900 | $12 მლრდ |
| Burger King | 19 400 | $25 მლრდ |
| Domino’s Pizza | 20 600 | $18 მლრდ |
| Luckin Coffee | 22 300 |
$3.3 მლრდ |




























