სწრაფი კვების გლობალური ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია, რომელიც $570 მილიარდის შემოსავალს აგენერირებს. ამ სექტორის რესტორნები სწრაფი მომსახურებით, ხელმისაწვდომი ფასებით და მუდმივი, ერთნაირი გემოვნური თვისებებით ხასიათდება, რაც ამ ტიპის დაწესებულებებს თანამედროვე ურბანული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევს. მსოფლიოში 500,000-ზე მეტი სწრაფი კვების რესტორანი არის გახსნილი, რომელთა უდიდეს ნაწილს დიდი ბრენდები ფლობენ.
McDonald’s
შემოსავალი: $26 მლრდ
რესტორნები: 40,000+
კაპიტალიზაცია: $178.6 მლრდ
ისტორია: McDonald’s-ი 1940 წელს, კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში ორი ძმის მიერ, რიჩარდ და მორის მაკდონალდსების მიერ დაფუძნდა. თავდაპირველად, ეს ჩვეულებრივი რესტორანი იყო, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ძმებმა სწრაფი კვების სერვისი შექმნეს, რომელმაც სარესტორნო ინდუსტრიაში ჭეშმარიტი რევოლუცია მოახდინა. წლების შემდეგ, McDonald’s-ის რიგებს ამერიკელი ანტრეპრენიორი, რეი კროკი შეუერთდა, რომელმაც ამერიკული კომპანია გლობალურ მოთამაშედ და მსოფლიოს უდიდეს სარესტორნო ქსელად ჩამოყალიბდა.
საინტერესო ფაქტი: საინტერესოა, რომ McDonald’s-ის ცნობილი ოქროს თაღები რეი კროკის მიერ 1955 წელს, ილინოისის ქალაქ დესპლეინსში გახსნილი პირველი McDonald’s-ის არქიტექტურით არის შთაგონებული, ანუ ძმები მაკდონალდსები ამ სიმბოლოს არ იყენებდნენ.
კონკურენტული უპირატესობა: McDonald’s-ის კონკურენტული უპირატესობა რესტორნების მიერ შემოთავაზებული პროდუქტების გემოვნური თვისებების მუდმივობაში და ბრენდის ცნობადობაში მდგომარეობს. ამასთან, კომპანია ოპერაციული ეფექტიანობით, მომარაგების ჯაჭვის გამართულობით და მარკეტინგით გამოირჩევა, რაც მსოფლიოს გარშემო არსებულ ყველა რესტორანში იდენტურ სამომხმარებლო გამოცდილებას უზრუნველყოფს.
Starbucks
შემოსავალი: $36.7 მლრდ
რესტორნები: 38,000+
კაპიტალიზაცია: $87 მლრდ
ისტორია: Starbucks-ი სამმა ამერიკელმა ანტრეპრენიორმა, რი ბალდუინმა, ზევ სიგლმა და გორდონ ბოვკერმა 1971 წელს, ვაშინგტონის ქალაქ სიეტპში დააფუძნეს. თავდაპირველად, Starbucks-ი ყავის მაღაზიად პოზიციონირებდა, სადაც მაღალი ხარისხის ყავის მარცვლები და შესაბამისი აღჭურვილობა იყიდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანიას ამერიკელი ბიზნესმენი, ჰოვარდ შულცი შეუერთდა, რომელმაც Starbucks-ი ყავახანების გლობალურ ქსელად გარდაქმნა. ამ კაფეებში მომხმარებლებს უნიკალური გამოცდილების მიღება შეეძლოთ, რომელიც სახლისა და სამსახურისგან რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა.
საინტერესო ფაქტი: Starbucks-ის ლოგო, მართალია, წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ ის ყოველთვის შეიცავდა ქალთევზას, რომელიც მე-17 საუკუნის ნორდიკული ქანდაკებით იყო შთაგონებული.
კონკურენტული უპირატესობა: Starbucks-ის მთავარი უპირატესობა ის გამოცდილებაა, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისითა და პროდუქტით სთავაზობს. Starbucks-ის ყავახანებში კომფორტული და მყუდრო ატმოსფერო არის შექმნილი, რაც ლოიალობის გამართულ და მოქნილ პროგრამასთან ერთად, ადამიანებს ამ კაფეების ერთგულ მომხმარებლებად აქცევს.
Subway
შემოსავალი: $16.1 მლრდ
რესტორნები: 37,000+
კაპიტალიზაცია: კერძო
ისტორია: Subway-ის დამფუძნებლები ამერიკელი ანტრეპრენიორები, ფრედ დელუკა და პიტერ ბაკი არიან, რომელთაც პირველი რესტორანი კონექტიკუტის ქალაქ ბრიჯპორტში გახსნეს, ჯერ კიდევ 1965 წელს. თუმცა მაშინ, კომპანიას “პიტის სუპერ სენდვიჩები” ერქვა, ანუ კომპანია მისი დამფუძნებლის სახელს ატარებდა. 1968 წლიდან კი, კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და მეტად საერთაშორისო სახელი - Subway დაირქვა, რითაც ამ ამერიკული კომპანიის გლობალური ექსპანსია დაიწყო.
საინტერესო ფაქტი: Subway-ის სახელი და ლოგო ნიუ-იორკის მეტროთი არის შთაგონებული, რაც სარესტორნო ქსელის სისწრაფეს და პროცესში გამოყენებული პროდუქტების მაღალ ხარისხს გამოხატავს.
კონკურენტული უპირატესობა: Subway-ის კონკურენტული უპირატესობა მისი უზეთო პროდუქტია, რომელიც შედარებით უფრო ჯანსაღია, ვიდრე საკვები, რომელთაც მომხმარებლებს სხვა ქსელები სთავაზობენ. ამასთან, მომხმარებელს თითოეული შეკვეთის საკუთარი ნება-სურვილით აწყობა შეუძლია, რაც ადამიანების განსხვავებულ გემოვნებას აკმაყოფილებს.
KFC
შემოსავალი: $31 მლრდ
რესტორნები: 24,000+
კაპიტალიზაცია: კერძო (Yum! Brands)
ისტორია: Kentucky Fried Chicken-ი, რომელიც ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჰარლანდ დევიდ სანდერსმა 1952 წელს დააფუძნა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქათმის რესტორანია. KFC-ის ისტორია, დიდწილად, სანდერსის მიერ შემუშავებულ რეცეპტს უკავშირდება, რომელიც თერთმეტი მწვანილისა და სანელებლისაგან შედგება. სანდერსმა ის დიდი დეპრესიის დროს შეიმუშავა, მაგრამ კომპანია მას დღემდე გამალებით იცავს.
საინტერესო ფაქტი: KFC-ისთვის საიდუმლო რეცეპტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ლეგენდა, თითქოს კომპანიაში რეცეპტის პირველ, ფურცელზე დაწერილ ვერსიას დღემდე ინახავენ, რისთვისაც კენტუკის ქალაქ ლუისვილში სპეციალური სეიფი არის გამოყოფილი.
კონკურენტული უპირატესობა: კომპანიის კონკურენტული უპირატესობა მის რეცეპტში და ქათმის მომზადების წესში მდგომარეობს, რომელიც ამ პროდუქტს უნიკალურ გემოს აძლევს, რომელსაც KFC-ის ყველა რესტორანში შეხვდებით.
Burger King
შემოსავალი: $22.9 მლრდ
რესტორნები: 19,000+
კაპიტალიზაცია: კერძო (Restaurant Brands International)
ისტორია: Burger King-ის ისტორია 1954 წელს, ფლორიდის ქალაქ მაიამიში დაიწყო, როცა ჯეიმს მაკლამორმა და დევიდ ედგერტონმა პირველი რესტორანი გახსნეს. კომპანია ბურგერების განსაკუთრებული მომზადების წესით არის ცნობილი, რომელიც ცეცხლზე შეწვას გულისხმობს. ასეთი ბურგერების ჩამონათვალში Whopper-იც ხვდება - ეს Burger King-ის საფირმო პროდუქტია, რომელსაც კომპანია 1957 წლიდან ყიდის.
საინტერესო ფაქტი: Burger King-ი სწრაფი კვების პირველი დიდი საერთაშორისო ქსელი იყო, რომელმაც მენიუში მცენარეული ბურგერი შეიტანა, რისთვისაც ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, Impossible Meat-თან თანამშრომლობა დაიწყო.
კონკურენტული უპირატესობა: Burger King-ის კონკურენტული უპირატესობა - ხორცისა და სხვა ინგრედიენტების მომზადების წესია, რომელიც ბურგერებს უნიკალურ გემოს აძლევს.