ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველო საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება რთულია.
როგორც ცომაიამ BMG-ის განუცხადა, არსებული რისკებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა პროგნოზირებს.
მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან იზოლაციის გაღრმავების შემთხვევაში, საქართველოდან კაპიტალის გადინება დაიწყება, რაც ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
„მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მთავრობა დღეს. ეკონომიკური ზრდის მომავალი დამოკიდებული არის იმ ფაქტორებზე, რაც ჩვენ მომავალში გვექნება. ქვეყანაში ყოველწამიერად სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ძალიან დიდი და სწრაფი ტემპებით ვექცევით საერთაშორისო იზოლაციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალთან დაკავშირებული ფაქტორები უფრო მეტად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ სავარაუდოდ, არ გვექნება არც 4%-იანი და არც 5%-იანი, მით უფრო 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ვართ და ეს სიტუაცია სულ უფრო ღრმავდება, ამ პირობებში შესაძლოა, ქვეყნიდან კაპიტალის მასობრივი გადინების პროცესი დაიწყოს, რაც საკმაოდ ცუდი შედეგების მომტანი იქნება ეკონომიკაზე“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ცნობისთვის, 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის თანახმად, მთავრობამ მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.