საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორები და სტუდენტები ეწინააღმდეგებიან სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებას და აცხადებენ, რომ ეს უნივერსიტეტის გაუქმებაა და არა შერწყმა.
„უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, არ შეიძლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება. ეს არ არის შეერთება, ეს გაუქმებაა“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
16:00 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაერთიანების შექმნის შესახებ განაცხადებენ, რათა მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ.
გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან კონსულტაციით მიიღეს. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.
ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და სამეცნიერო საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე. განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ საპარლამენტო მოსმენამდე პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიდნენ და საკითხი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან საჯაროდ განიხილონ, ან ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვას.




























