ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც საქართველოში 2020 წელს დაარსდა, ბუკინგემის უნივერსიტეტთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, დიპლომთან ერთად, ბუკინგემის უნივერსიტეტის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ხარისხსაც აძლევენ. ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში კრის მასკელი, ბუკინგემის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის მენეჯერი საუბრობს.
„ვცდილობთ, საქართველოში იგივე ხარისხის სწავლება დავნერგოთ, რაც დიდ ბრიტანეთსა და ბუკინგემის უნივერსიტეტშია, სადაც აქცენტი საუკეთესო ხარისხის პროგრამებზე კეთდება. გვინდა, ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტშიც იმავე გამოცდილების ჩამოტანა, რათა სტუდენტებს ბუკინგემის დონის განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ.
ბრიტანულ უნივერსიტეტში კურსები გვაქვს ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით, რომლებიც იგივე კურსებია, რასაც ბუკინგემის უნივერსიტეტში ვატარებთ. ამის გამო, წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც ბუკინგემში“, - ამბობს კრის მასკელი.
მისი თქმით, ბუკინგემის უნივერსიტეტის ხარისხს საერთაშორისო დონის აღიარება გამოარჩევს.
„ბრიტანული უნივერსიტეტის განათლების მთავარი უპირატესობა საერთაშორისო აღიარებაა. ჩვენთან სასწავლო პროგრამების ხარისხი უმაღლესი დონისაა, დანერგილი გვაქვს სხვადასხვა ტიპის სწავლების მეთოდები, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს იმავე პროგრამებზე აქვთ წვდომა, რასაც ბუკინგემის უნივერსიტეტში მიიღებდნენ, ოღონდ ქვეყნიდან გაუსვლელად.
ბრიტანულ უნივერსიტეტში მიღებული ხარისხის გამოყენება კი იმისთვისაც შეიძლება, რომ სტუდენტმა დოქტორის ხარისხი მიიღოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, - ამბობს კრის მასკელი.
გარდა ბრიტანული ხარისხის საქართველოში მოპოვებისა, როგორც ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლები BMG-სთან აღნიშნავენ, სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებაც აქვთ.
დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, იაპონია, უნგრეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ბრიტანეთის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პარტნიორი ბუდაპეშტში მდებარე საერთაშორისო ბიზნეს სკოლაა.
„ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში და საერთაშორისო ბიზნეს სკოლა პარტნიორები არიან. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც არის გახსნილი გზა ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რათა სემესტრი გაატარონ, ან სულაც სწავლა გააგრძელონ საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში, ბუდაპეშტში.
რამდენიმე ნიუანსზე ახლაც ვმსჯელობთ და ვათანხმებთ, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში ეს იქნება შესაძლებლობა, რომელიც ბენეფიტებს მოუტანს ისევე როგორც ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე საერთაშორისო ბიზნეს სკოლის მოსწავლეებს“, - ამბობს გერგელი თამასი, ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის ვიცედირექტორი.
ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მასწავლებლების, მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისგან შედგება. სასწავლებელი მსოფლიოს წამყვანი გამომცემლების რესურსებსა და გამოცდილებას აერთიანებს. ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს ინფრასტრუქტურაც გამოარჩევს, ახალი, თანამედროვე დიზაინის მქონე უნივერსიტეტის შენობა სრულად ორიენტირებულია სწავლის პროცესის სასიამოვნო გამოცდილებად ქცევაზე.