მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტებს, რომლებმაც დაფინანსება 2026 წლამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ

უნივერსიტეტი

სტუდენტებისთვის, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სახელმწიფო დაფინანსება 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოიპოვეს, დაფინანსების წესი და პირობები უცვლელი რჩება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.

ნორმატიული აქტის მიხედვით, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს ეფუძნება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სტუდენტებს გრანტი 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნოს.

ძირითადი პუნქტები ასე გამოიყურება:

  • ვინ ისარგებლებს: ყველა პირი, ვინც უმაღლესში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხა და დაფინანსება ძველი წესით ჰქონდა მოპოვებული.
  • ვადები: დაფინანსება გაგრძელდება 2030-2031 სასწავლო წლის დასრულებამდე.
  • პირობები: შენარჩუნდება ზუსტად ის ოდენობა და წესები, რომლებიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით იყო განსაზღვრული.

პროცესის მართვა და სტუდენტებისთვის თანხების გამოყოფა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა. სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ-ებმა (მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ) უნდა უზრუნველყონ, რომ ძველი სისტემით ჩარიცხულ პირებს დაფინანსების მიღებისას შეფერხება არ შეექმნათ.

დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, თუმცა მისი მოქმედება უკუძალით გავრცელდა 2025 წლის 17 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს გარდამავალი პერიოდის დარეგულირებას.

საქმე ის არის, რომ 2026-2027 წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, ახალი მოდელი ასე ჩამოყალიბდება:

  • სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის იქნება უფასო, უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას.
  • კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ.

დღევანდელი სისტემა აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მიღებული გრანტი გამოიყენონ როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტში. მაქსიმალური გრანტი ბაკალავრიატზე 2250 ლარია, ანუ 100%-იანი დაფინანსების შემთხვევაში. ამას გარდა, გაიცემა 70%-ის და 50%-ის გრანტებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები