მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტებს შეეძლებათ გაიარონ სამხედრო სამსახური ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ - მთავრობის შეთავაზება

64199cdc72bcd
ინგა მურუსიძე
21.03.23 17:59
863
შევიმუშავეთ ფინური მოდელი და მასში გათვალისწინებულია შეთავაზება სტუდენტებისთვის, რომ სწავლასთან ერთად სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარონ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. გიორგაძემ სესიაზე თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე წარადგინა.

საქმე ის არის, რომ კანონპროექტის პირველი ვერსიით, სტუდენტების გაწვევა ჯარში სავალდებულო ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით სამინისტრომ ეს გადაიფიქრა და ამჟამად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში სტუდენტების შესახებ ჩანაწერი ასეთია:

„პროექტის მიხედვით სიახლეა რეზერვის უმცროსი ოფიცრისა და სტუდენტის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამები. კერძოდ, რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მიიღება:

ა) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
ბ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ხოლო სტუდენტების ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამაზე პირადი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მიიღება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი 23 წლის ასაკამდე, რომელიც გულისხმობს, ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას. ასეთი პროგრამების დასრულების შემდგომ პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად.

ამასთან, რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ პირს მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, თუ პროგრამის წარმატებით დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარმოადგინა ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის დასრულების დღისთვის არ აქვს მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი - მიენიჭება უმცროსი/უფროსი/მთავარი სერჟანტის წოდება, ხოლო სტუდენტების ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამის დასრულების შემდგომ - რიგითის სამხედრო წოდება".

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ შესწავლილია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და გაზიარებულია ფინური მოდელი.

„ვთავაზობთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს მოქნილ პროგრამებს, თუ მათ ექნებათ სურვილი, ისე, რომ სწავლაზე ხელი არ შეეშალოთ, შეძლებენ წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე გადამზადდნენ. ყოველ არდადეგებზე გადამზადების შემთხვევაში, ოთხი წლის თავზე სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. შესაძლებელია უქმეების გამოყენებაც“, - თქვა გიორგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები