მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტუდენტი, უნივერსიტეტი, ქვეყანა - ვის როგორ შეეხება საგრანტო დაფინანსების გაუქმება|ანალიზი

კონსტანტინე თოფურია

"ამ რეფორმის [კერძო უნივერსიტეტში გრანტის გაუქმება] შედეგად, სტუდენტი არჩევანში იზღუდება - თუ მანამდე შეეძლო, უფასოდ ესწავლა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტში, ამიერიდან საშუალება ექნება, რომ უფასოდ ისწავლოს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში" - ასე აფასებს კონსტანტინე (კოკა) თოფურია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას.

როგორც ცნობილია, 2026-2027 წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, ახალი მოდელი ასე ჩამოყალიბდება: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის იქნება უფასო, უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას. კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელში დაგეგმილი ცვლილებები BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში სტუდენტის, უნივერსიტეტისა და ქვეყნის პერსპექტივიდან გააანალიზა.

მისი მთავარი გზავნილია, რომ დაანონსებული ცვლილებები სტუდენტებს არჩევანს უზღუდავს და უნივერსიტეტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას ამცირებს.

უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის მთავარი არსი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტს სახელმწიფო გრანტი აღარ გაჰყვება, კონსტანტინე თოფურიას შეფასებით, გაუგებარია და არ არის ნათელი, როგორ გააუმჯობესებს ის სტუდენტის, უნივერსიტეტების ან ქვეყნის მდგომარეობას.

„დაფინანსების მოდელის რეფორმა სამ ნაწილად უნდა გავაანალიზოთ: 1. რამდენად გაუმჯობესდება ან გაუარესდება სიტუაცია სტუდენტისთვის? 2. რამდენად შეიცვლება სიტუაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და 3. რამდენად შეიცვლება სიტუაცია ქვეყნისთვის? ვფიქრობ, ამ რეფორმით არ ჩანს რა გააუმჯობესებს სტუდენტის მდგომარეობას. ასევე, არც ის არის ცხადი, როგორ გაუმჯობესდება უნივერსიტეტებისთვის მდგომარეობა და საერთოდ, ქვეყნისთვის. რაც შეეხება სტუდენტს - რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი სტუდენტი არის ამ შემთხვევაში - მინიმუმ მას შეეზღუდება არჩევანი“, - გვიყვება რექტორი.

კონსტანტინე თოფურია განმარტავს, რომ დღეს მოქმედი მოდელი, სადაც გრანტი სტუდენტს „მიჰყვება“, კარგი და სამართლიანი სისტემაა, ვინაიდან ამ მოდელში დაფინანსება დამსახურებაზეა დაფუძნებული.

„დღესდღეობით, ყველა სტუდენტის სწავლას სახელმწიფო არ აფინანსებს ანუ ეს არის გარკვეულწილად დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება. აბიტურიენტს უნდა დაემტკიცებინა, რომ მას აქვს სურვილი და უნარი, რომ ისწავლოს უმაღლესში და შესაბამისად, ის იღებდა დაფინანსებას. ეს არის ყველაზე კარგი მოდელი, როდესაც სტუდენტმა სახელმწიფოსგან უნდა დაიმსახუროს საგრანტო დაფინანსება. თავისთავად, გადასახადის გადამხდელები არ ვართ ვალდებულები, ჩვენი გადასახადით ვიღაცამ მიიღოს განათლება, ხომ?! ეს ხომ არ არის სავალდებულო სასკოლო განათლება?!“, - ამბობს რექტორი.

მეორე არგუმენტი, რატომაც კონსტანტინე თოფურიას უმაღლესი უნივერსიტეტების დაფინანსების არსებული საგრანტო მოდელი მოსწონს, არჩევანის თავისუფლებაა.

„სტუდენტი ირჩევს უნივერსიტეტს და პროგრამას, ხოლო სახელმწიფო აფინანსებდა მის სწავლას ნებისმიერ აკრედიტებულ დაწესებულებაში (სახელმწიფო თუ კერძო). თუ სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტებს უფასოდ მისცეს ამიერიდან განათლება, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა, ის ფონდი, რაც უნდა მოხმარდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების უფასო სწავლებას, დაფინანსებულიყო საგრანტო პროექტები და შესაბამისად, სტუდენტები დაფინანსებულიყვნენ იმ ფონდით. მიეცა სახელმწიფოს გრანტი პირდაპირ სტუდენტისთვის და სტუდენტი გადაწყვეტდა რომელ უნივერსიტეტში ესწავლა, რომელ პროგრამაზე“, - აცხადებს ის და იქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეეძლო, გრანტები მიემართა პრიორიტეტული ფაკულტეტისკენ, მაგალითად, ფუნდამენტური მეცნიერებების ან ქართველოლოგიისკენ, მაგრამ კვლავაც სტუდენტის არჩევანის პრინციპით.

კერძო უნივერსიტეტებში საგრანტო დაფინანსების გაუქმების თემაზე საუბრისას კონსტანტინე თოფურიამ სწავლების ხარისხის ზრდაში კონკურენციის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

რექტორის თქმით, ახალი მოდელის პირობებში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ჯანსაღი კონკურენცია სახელმწიფოსა და კერძო უნივერსიტეტებს შორის აღარ იარსებებს, რაც განათლების ხარისხის ზრდისთვის მნიშვნელოვანია.

„უნივერსიტეტებს შორის კონკურენცია უზრუნველყოფდა ხარისხს - აქამდე არსებული მოდელით, სტუდენტი ირჩევდა უნივერსიტეტს, რის გამოც ფაკულტეტებსა და უნივერსიტეტებს შორის მუდმივი კონკურენცია იყო. ეს მექანიზმი უზრუნველყოფდა სწავლების ხარისხის მუდმივ ამაღლებას“, - თქვა მან.

რექტორი აღნიშნავს, რომ 2025 წლისთვის სწავლების ხარისხი მთელ რიგ ქართულ უნივერსიტეტებში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, არ ჩამოუვარდება ევროპისა და ამერიკის საგანმანათლებლო სივრცეს. მაგალითად, მისი თქმით, საქართველოს უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგით ტოპ 15%-ში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების 85% უარეს განათლებას იძლევა.

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი გააძვირებს თუ არა კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურს? - რექტორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ძალიან ბევრი დეტალი არ არის ცნობილი და უჭირს წინასწარ ივარაუდოს, როგორ შეიცვლება მოთხოვნა-მიწოდება და რა გავლენას მოახდენს სხვა დაუზუსტებელი პროექტები (მაგ.: „ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპი“) სწავლის საფასურზე, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტი ახალ რეალობაში ადაპტირებისთვის უკვე ემზადება.

როგორც კონსტანტინე თოფურიამ „წერტილში“ თქვა, საქართველოს უნივერსიტეტი მუშაობს სტუდენტების დაფინანსების პაკეტზე, რათა ახალ რეალობას მოერგოს და ხარისხიანი განათლება შეინარჩუნოს. ეს პაკეტი მოიცავს: საუნივერსიტეტო სტიპენდიებსა და გრანტებს; ასევე, „სწავლა უფასოდ“ მოდელს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი დასაქმების შემდეგ გადაუხდის მომავალი ნაკადების სტუდენტების სწავლის საფასურს.

„ჩვენი მიზანი არის, რომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც უნდათ, რომ ისწავლონ საქართველოს უნივერსიტეტში და ვისაც უნდა მიიღოს რეალური თანამედროვე განათლება საქართველოში, ჰქონდეთ საშუალება, ეს განათლება მიიღონ უფასოდ ან ძალიან შეღავათიან ფასში“, - აცხადებს კონსტანტინე თოფურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები