მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო - თბილისის მერია

6310723ee5f6d
BM.GE
01.09.22 12:47
753
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს შეეძლებათ.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უფრო კონკრეტულად, დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე:

• 90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

• 70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

• ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტისათვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

განცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).

კახა კალაძის თქმით, პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ.

როგორც თბილისის მერია იტყობინება, პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს 3 964 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 2 962 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1 038 წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები