2024 წლის სექტემბერში, მცხეთასა და გორში, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის უვნებლობის ტრენინგი ჩაატარა. საგანმანათლებლო შეხვედრებს სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ექსპერტები გაუძღვნენ. ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების, კაფეებისა და ხორცპროდუქტის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები. ოთხდღიანი ღონისძიების მიზანს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესებაში, სურსათის ბიზნესოპერატორების მხარდაჭერა წარმოადგენდა.
ტრენინგზე სეს-ის ექსპერტებმა ისაუბრეს ხორცპროდუქტის ეტიკეტირებაზე, სურსათის უვნებლობის სტანდარტებზე კვების ობიექტებში და საქართველოს კანონმდებლობაზე სურსათის უვნებლობის შესახებ. პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფორმატში, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ მეტი საკუთარი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი საკვები პროდუქტის წარმოების შესახებ.
ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO უკვე ორი წელია სურსათის ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობაზე ცოდნას უზიარებს. FAO-ს ექსტენციის გუნდმა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, წვენების, მზა საკვები პროდუქტისა და ბოსტნეულის მწარმოებელი 40 კომპანიის 1,000-ზე მეტ წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგი ჰიგიენისა და სანიტარიის სანიმუშო პრაქტიკებზე, პრერეკვიზიტებსა და HACCP სისტემაზე. ამასთანავე, FAO საქართველოში განაგრძობს შეფასებით ვიზიტებს სურსათის გადამმუშავებელ საწარმოებში, სურსათის უვნებლობის სტანდარტების განხორციელებაში ხარისხის კონტროლის მენეჯერების მხარდასაჭერად.
ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, სეს-თან პარტნიორობით, FAO შემდეგი ერთი წლის განმავლობაში კერძო სექტორისთვის საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შესაძლებლობების შექმნას გააგრძელებს.
„საქართველოს კერძო სექტორისთვის მსგავსი სახის მხარდაჭერა, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ჯანსაღ ცხოველური წარმოშობისა თუ სხვა სახის პროდუქტზე წვდომას აუმჯობესებს. სტუმარმასპინძლობის სექტორში სურსათის უვნებლობის კომპლექსური ზომების მიღება კი მხოლოდ დადებითად თუ აისახება ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიაზე, რადგანაც ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ტურისტების ნდობისა და ლოიალურობის მოპოვების თვალსაზრისით,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა, დენის რაისმა.
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების დანერგვისა და მათ შესაბამისად ოპერირებისთვის აუცილებელია არსებობდეს ცოდნა იმაზე, თუ რას გულისხმობს ეს ყოველივე და როგორაა შესაძლებელი მათი განხორციელება. FAO-ს ტრენინგები ასეთი ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლისთვის და სტუმრებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი საკვები პროდუქტის მიწოდებით დაინტერესებულ ბიზნესებს საქართველოში. FAO, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში განაგრძობს ასეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას საქართველოში სურსათის ბიზნესოპერატორებისთვის, რომ მათ შეძლონ სურსათის უვნებლობის დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირება და ამგვარად, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება“, - ამბობს გვიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.