კომპანია “ასკანელში” აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ რთველის წესების შეცვლამ და კომპანიებისთვის სუბდისიის მოხსნამ ძირითადი გავლენა მათ მიერ შესასყიდი საბრენდე სპირტის მასალაზე იქონია და ნაკლებად საღვინე ყურძენზე.
როგორც "ასკანელის" დირექტორმა ირაკლი უგლავამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სახელმწიფო სუბსიდიის მოხსნამ საღვინე ყურძენზე მეტად საბრენდე სპირტის მასალა გააძვირა, რაც მათ საბოლოო პროდუქტზე ფასს სავარაუდოდ, 15-20 ცენტით გაზრდის.
თუმცა მიუხედავად პროდუქციის მოსალოდნელი გაძვირებისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად, გაყიდვების ზრდას ელოდებიან.
„რა თქმა უნდა, რქაწითელზე მინიმალური ფასის დადგენამ გარკვეული კითხვები გააჩინა. ჩვენი რთველი იყოფა ასე - ნახევარს იმ ყურძნის რაოდენობისას, რასაც ვიღებთ, ვიყენებთ საღვინედ, ნახევარს კი საბრენდე სპირტის საწარმოებლად. წელს 20 000 ტონა ყურძნის მიღება გვაქვს დაგეგმილი, რაც რეკორდულია „ასკანელის“ შემთხვევაში.
საღვინე ყურძენში, ჩვენ ისედაც მაღალ ფასს ვიხდიდით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში ერთი ლარი იყო თეთრი ყურძნის ფასი განსაზღვრული და წითელი ყურძნის ფასის დადგენაში სახელმწიფო არ ერეოდა. შარშანაც, ჩვენ საღვინე ყურძენს, რომელიც არის მაღალი ხარისხის და მაღალი კონდიციის, პრაქტიკულად 1.20 ლარს ვიხდიდით. წელსაც გვიწევს 1.20-1.30 ლარის გადახდა. საღვინე რთველზე პრაქტიკულად გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება საბრენდე რთველს, რაც სპირტის წარმოებისთვის არის განკუთვნილი, ნედლეულის გაძვირებამ გარკვეული კითხვები გააჩინა, თუმცა იმის ფონზე, რომ ჩვენ უშუალოდ ბრენდის გაყიდვები გვეზრდება, გეგმები პრაქტიკულად ამ მიმართულებით არ შეგვიცვლია და ვფიქრობთ, რომ როგორც სხვა მწარმოებლები, ისეთივე პოზიციაში ვიქნებით ჩვენც მომავალ წელს ბაზარზე. ფასების გარკვეული მომატებისთვის ისედაც მზად ყოფნაში გვყავდა ჩვენი პარტნიორები.
როგორც თქვით, რთველის შეცვლილ წესებს, უფრო მეტად სასპირტე მიმართულებაზე ექნება გავლენა, ალბათ ერთი ბოთლის ღირებულებას 15-20 ცენტით გააძვირებს. თუმცა როგორც აღვნიშნე, ბრენდის გაყიდვაში 15%-იანი ზრდა გვაქვს, შესაბამისად, არ შევამცირეთ გეგმები“, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.
ცნობისთვის, წელს რთველი განსხვავებული პირობებით ტარდება, კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" ყიდულობს. წელს ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი კილოგრამზე 1.50 ლარით განისაზღვრება. სხვა ჯიშის ყურძენზე, მათ შორის რქაწითელზე შესასყიდი ფასი დიფერენცირებულია და ყურძნის შაქრიანობაზეა დამოკიდებული.




























