მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირება ახალისებს ყურძნის რაოდენობას და არა ხარისხს, ამიტომ უნდა დასრულდეს - მეღვინე

ანდრო გოცირიძე

„გოცირიძის მეღვინეობის“ თანადამფუძნებელი, ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანია რესურსებთან წვდომის ხელშეწყობისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, თანხები მეტად იყოს სხვა მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად მარკეტინგული კამპანიები, ბაზრების დივერსიფიკაცია და ა.შ. ამ საკითხზე გოცირიძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ისაუბრა.

„რესურსებთან წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს როცა მეღვინეობას ტრადიციის გამო კი არ მისდევ, არამედ ბიზნესად გინდა აქციო. მე ამ მხრივ ძალიან პოზიტიური გამოცდილება მაქვს, რადგან ვისარგებლე „აწარმოე საქართველოს“ გრანტით. მაგრამ ის, რომ მე ინფორმაციაზე ხელი მიმიწვდებოდა, არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. რეგიონში ცოტა უფრო რთულად მოძრაობს ინფორმაცია. „აწარმოე საქართველოში“ კარგი პროექტია და ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს. მაგალითად არის კომპონენტი, რასაც ვერ ვიყენებთ, იგივე დაზღვევის დაფინანსება. სეტყვა საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ფერმერების ნაწილს დაზღვევაში გადახდილი ფული ჰგონიათ“, - ამბობს გოცირიძე.

წამყვანის რეპლიკაზე, ქმნის თუ არა სკეპტიციზმს ის ფაქტორი, რომ სეტყვისგან მიღებული დაზიანების შემთხვევაში, ფერმერებს ზარალს სახელმწიფო უნაზღაურებს, მიუხედავად იმისა, დაზღვეული აქვთ თუ არა პროდუქცია, რესპოდენტი პასუხობს: „დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანებს აქვთ განწყობა, რომ ტყუილად გადაყარეს ფული. თუკი წლის ბოლოს, ვისაც დაზღვეული ჰქონდა და ვისაც არ ჰქონდა, ერთიანად მიიღებენ თანხას, ეს, რა თქმა უნდა, აჩენს სკეპტიციზმს. დაზღვევაზე მე არ მშურს მათი, ვისაც სახელმწიფომ აუნაზღაურა, თუმცა თანხების უფრო სწორად მიმართვა, თუნდაც ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, ან მარკეტინგული კამპანიებისკენ, გაცილებით სწორი იქნება“.

რაც შეეხება სახელმწიფო სუბსიდირებას, ანდრო გოცირიძე მიიჩნევს, რომ სუბსიდირება უნდა დასრულდეს.

„დარგი აუცილებლად უნდა გადავიდეს მოგებაზე. თუ დარგს ამდენი წელია ვაწვდით სუბსიდიას და მაინც ვერ ვითარდება, გამოდის, რომ ან რაღაც სჭირს და ეს უნდა გამოვასწოროთ, ან რაღაც სხვა პრობლემაა. სუბსიდირება ახალისებს ყველა შემთხვევაში რაოდენობას და არა ხარისხს. ანუ, ადამიანებს თევზი კი არ უნდა მივცეთ, არამედ უნდა ვასწავლოთ თევზაობა. თუ მუდმივად თევზს მისცემ, მას აღარ ექნება ის უნარები, რაც სჭირდება თევზჭერაში. ამიტომ, ეს უნდა მორჩეს. შეიძლება ყველაფერი მიმართული იყოს კოოპერაციისკენ. 10 წელია ვახდენთ სუბსიდიას და რით ვერ გავიზარდეთ იქამდე, რომ ჩვენით გავიაროთ ეს გზა?“, - თქვა ანდრო გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები