მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კიბერუსაფრთხოება ბიზნესში პრიორიტეტული მაშინ იყო, როცა სახელმწიფოში ტერმინს საერთოდ არ ვახსენებდით“ - ექსპერტი

ანდრო გოცირიძე

ბიზნესში კიბერუსაფრთხოებას პრიორიტეტი მაშინაც კი ენიჭებოდა, როცა სახელმწიფოში ამ ტერმინს საერთოდ არ ვახსენებდით, - ასე უპასუხა BMGTV-ის ეთერში წამყვანის შესაბამის კითხვას, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ.

კითხვაზე, სად არის საქართველო კიბერუსაფრთხოების რუკაზე, გოცირიძე ასე პასუხობს: „ყოველ შემთხვევაში იქ არ ვართ, სადაც ვიყავით ფეხბურთში, [ხვიჩა]კვარაცხელიას გამოჩენამდე, ვართ იქ, სადაც არიან ჩვენი მორაგბეები. აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიდან ბევრი არაფერი გვაქვს დასაძრახი, „შვიდეულში“ ვერ შევდივართ, თუმცა არც არის საჭირო, რადგან კიბერუსაფრთხოებაში საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან. ჩვენზე მეტი ქართველები არიან ბალტიისპირეთის წარმომადგენლებს შორის, აღმოსავლეთ ევროპა და ა.შ. ხელჩასაქნევი არ გვაქვს, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდობა მოდის ისეთი, რომლისთვისაც კიბერი შეძენილი პროფესია კი არ არის, არამედ უკვე შესისხლხორცებული სფეროა. ეს ყველაფერი IT-სექტორის განვითარებასთან ერთად მოდის. დარგი იზრდება და ყველა სფეროს მოიცავს, გართობიდან დაწყებული, ბიზნესით დამთავრებული. მით უმეტეს, მსხვილი ბიზნესი, მონაცემების, ანალიტიკის გარეშე წარმატებას ვეღარ აღწევს“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გამო პირველ რიგში.

„დღე არ გავა ჩვენთან, რომ საქართველო არ იყოს რუსული კიბერთავდასხმის ობიექტი. ხან მოდის ეს ინფორმაცია უბრალო მომხმარებლამდე, ხან - არა. მთავარი საფრთხე სწორედ რუსეთია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიბერსივრცე ის არეალია, სადაც პატარა ქვეყანას ძალიან წარმატებულად შეუძლია გაუწიოს რუსეთს არათუ კონკურენცია, არამედ მძლავრი წინააღმდეგობის ფრონტიც იყოს, რასაც ვერასდროს მოვახერხებთ სამხედრო შეტაკებებისას. კიბერსივრცეში თავდაცვა საკმაოდ ეფექტიანად შეგვიძლია“, - თქვა მან და დასძინა, რომ რუსული ინფორმაციული ოპერაციები, თუნდაც ევროკავშირის წინააღმდეგ საკმაოდ მძლავრად მოქმედებდა ქვეყანაში, მაგრამ იმას ვერ ახერხებენ, რაც რუსეთში მოხდა, ადამიანების ცნობიერებიდან გამომდინარე.

„ის, რომ რუსეთი დიდ გავლენას ვერ ახდენს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა და ასევე ბიზნესის. ბიზნესი, სახელმწიფოსთან შედარებით, გაცილებით ადრე მიხვდა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას. ბიზნესში კიბერუსაფრთხოებას პრიორიტეტი მაშინაც კი ენიჭებოდა, როცა სახელმწიფოში ამ ტერმინს საერთოდ არ ვახსენებდით, რადგან არ ვიცოდით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ბანკმა, ან სადაზღვევო სექტორმა ყოველთვის იცოდა, რომ მისთვის კიბერუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები