კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე სოციალური ქსელში კიბერთაღლითობებთან დაკავშირებით ქვეყნებს პოსტს და დაინტერესებულ პირებს მისგან თავის არიდების ხერხებს ასწავლის.
ანდრო გოცირიძის განმარტებით, ბოლო პერიოდში თაღლითობის ძალიან გავრცელებული ფორმაა, როდესაც კიბერდამნაშავეები მომხმარებელს ტელეფონში ან კომპიუტერში აპლიკაციის გადმოწერისკენ უბიძგებენ, თავის მხრივ გადმოწერილი აპლიკაცია კი თაღლითს მობილური ბანკის, შეტყობინებებისა თუ მობილურ ტელეფონში არსებული სხვადასხვა აპლიკაციების ან მონაცემების დისტანციურად კონტროლის საშუალებას აძლევს.
„შესაძლოა, გადმოწერილი აპლიკაციით თაღლითებმა კრედიტი გაააქტიურონ, გადარიცხონ სარგებელი სხვა ანგარიშზე, ან განკარგონ თანხები მობილური ბანკის საშუალებით. ამას გარდა, შესაძლებელია სრული კონტროლი ტელეფონში არსებულ ფინანსურ და პერსონალურ ინფორმაციაზე.
რა უნდა გავაკეთოთ ან არ უნდა გავაკეთოთ? - ნებისმიერი აპლიკაცია მხოლოდ შემოწმებული რესურსიდან გადმოწერეთ, როგორიცაა Apple-ს ან Android-ის მაღაზია, თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ ამ რესურსზეც არ იქნება დავირუსებული აპლიკაცია. აპლიკაციის გადმოწერამდე, გაეცანით თუ რა მონაცემებზე გთხოვთ დაშვებას და თუ ეს მონაცემები საჭირო არ არის იმ ფუნქციისთვის, რისთვისაც მას იწერთ, არ გადმოიწეროთ ასეთი აპი. მაგ.: თუ საფინანსო აპლიკაციას ვიწერთ და გვთხოვს ფოტოებზე დაშვებას, ბუნებრივია, ის ჩვენს შესახებ ინფორმაციას აგროვებს,“ - აცხადებს გოცირიძე.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი უსაფრთხოების ზომებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკვე გადმოწერილი აპლიკაციის განახლების პროცესში, მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს, ხომ არ დაემატა მონაცემზე დაშვების ან წვდომის ახალი ფუნქცია.
„არ გადმოიწეროთ რუსული აპლიკაციები, ეს სახიფათოა. იმიტომ კი არა, რომ ტექნიკურად გაუმართავია, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ჩვენს მიმართ საკუთარი მტრული მოსაზრება აქვს და ამ მიზნებისთვის ხშირად მაღალ ტექნოლოგიებს იყენებს. თუ რომელიმე აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდგომ ტელეფონს, კომპიუტერს ეტყობა პრობლემა - "ჭედავს", ბრძანებებს არ ასრულებს, მალე ჯდება, ამოდის ფანჯრები - წაშალეთ აპლიკაცია, რომელსაც ამ პრობლემების გაჩენას უკავშირებთ. თუ მაინც არ ეშველა, გამოსავალი ქარხნულ პარამეტრებზე გადატვირთვაა - ინფორმაციის ნაწილს სარეზერვო საშუალებებიდან აღადგენთ. ცხადია, თუ სარეზერვო ასლებს აკეთებთ. თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს ტელეფონში ვიღაც მაინც შემოძვრა, კიბერუსაფრთხოების ღონისძიებების გარდა არ დაგავიწყდეთ ბანკის გაფრთხილება, რომ თქვენ პასვორდს შესაძლოა ვინმე აკონტროლებდეს,“- განმარტავს ექსპერტი.
მისი ცნობით, თუ მომხმარებელი ფიქრობს, რომ თაღლითობასთან აქვს საქმე, მან უნდა გაწყვიტოს კონტაქტი, დაუკავშირდეს ბანკს და სამართალდამცავ ორგანოებს.