ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების საფრთხე მკვეთრადაა გაზრდილი. დღეს, როცა ბიზნესის უდიდესი ნაწილი ციფრული ტრანსფორმაციის გზას ირჩევს, კიბერშეტევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, კიბერთაღლითების მთავარი სამიზნეები კი - მცირე და საშუალო ბიზნესები არიან.
საკითხზე, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი კომპანიები კიბერთაღლითობისგან, BMGTV-ის ეთერში საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა საუბრობს და აღნიშნავს, რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი საქართველოში დეფიციტური პროფესიაა, რის გამოც კომპანიებს ორი არჩევანი აქვთ.
“კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი დეფიციტური პროფესიაა. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ კომპანიაში ასეთი პროფესიონალი გვყავს დასაქმებული. კომპანიის გრძელვადიანი მიზანი უნდა იყოს, რომ ამ მიმართულებით პასუხისმგებელი პირი აუცილებლად ჰყავდეს გრძელვადიანად, რადგან ეს არ არის ერთჯერადი აქტივობა, ეს არის მუდმივი, ურღვევი ციკლი.
საფრთხეები მუდმივად ახლდება და თავდაცვის ახალი მექანიზმების შემუშავება ხდება საჭირო. ის, რაც გუშინ და გასულ წელს მუშაობდა, დღეს შეიძლება, აღარ იყოს ეფექტური, რადგან თავდასხმის ფორმებიც იცვლება”, - განმარტავს ინგა ქარჩავა.
მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულების “აუთსორსზე” გატანა, კომპანიებისთვის ერთ-ერთი ოპტიმალური ხერხია, საკუთარი ინფორმაციის დაცულობა უზრუნველყონ.
“იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პროფესიონალების დეფიციტია, არის კომპანიები, მრავლად არა, თუმცა არის, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ მცირე და საშუალო ბიზნესებმა. შესაძლოა, მათთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი იყოს, რომ ეს ფუნქცია მთლიანად სხვა კომპანიაზე იყოს დამოკიდებული. დღეს უსაფრთხოების მართვა ბაზარზე სერვისის სახითაა შემოთავაზებული, ისევე როგორც ცალკეული ინციდენტების მართვა.
"აუთსორს" კომპანიებს შეუძლიათ, თქვენი სერვერების მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში განახორციელონ, დააფიქსირონ კონკრეტული ინციდენტი, ვიდრე ის მოხდება და შესაბამისი პრევენციული ზომებიც მიიღონ. მთავარი ისაა, რომ სანამ კონკრეტულ კომპანიასთან თანამშრომლობას გადავწყვეტთ, გათვალისწინებული გვქონდეს, რომ ძირითად, ე.წ. core სისტემებზე, არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა არ დავაყენოთ, ჩვენს სერვერებზე კი განახლებები გვქონდეს დაყენებული”, - ამბობს ინგა ქარჩავა.