მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსაზრება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი კიბერთაღლითებს არ აინტერესებთ, სტერეოტიპია - ინგა ქარჩავა

კიბერთავდასხმა

საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში კიბერუსაფრთხოების მექანიზმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არა მსხვილი კომპანიები, არამედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები დგანან.

“კიბერშეტევებისა და კიბერთაღლითების მიერ თავდასხმისთვის შერჩეულ კონკრეტული კომპანიების სტატისტიკას რომ დავაკვირდეთ, ყველაზე ხშირად კიბერშეტევა მცირე და საშუალო ბიზნესებზე ხდება. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდ ორგანიზაციებსა და მსხვილ ინდუსტრიებს, პირველ რიგში კი საფინანსო სექტორს, დიდი რესურსიც გააჩნიათ და რამდენიმე წლის გამოცდილება იმისა, როგორ გაზარდონ და გააძლიერონ კიბერთავდაცვის შესაძლებლობები.

მოსაზრება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი კიბერთაღლითებს არ აინტერესებთ - სტერეოტიპია. რეალურად, ეს საპირისპიროდ ხდება. მათთვის გაცილებით რთულია დიდ კომპანიებზე თავდასხმა და მათგან უკუგება მცირდება - რჩება ადვილად ხელმისაწვდომი მცირე ან საშუალო კომპანია. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ, ზომის მიუხედავად, კონკურენცია მათზეც ვრცელდება, კიბერშეტევა კი ბაზარზე ხელმისაწვდომი სერვისია, რომელიც კონკურენტმაც კი შეიძლება დაუკვეთოს რომელიმე კომპანიას, ამისთვის მას განსაკუთრებული ძალისხმევა და ფინანსები არ სჭირდება”, - განმარტავს ინგა ქარჩავა.

საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი განმარტავს, რომ SME კომპანიებზე კიბერთავდასხმა გლობალური ტენდენციაა, რადგან კომპანიები ვერ იაზრებენ, რომ კიბერშეტევის პრევენცია საოპერაციო რისკების გადაზღვევის ნაწილია.

“ეს სეგმენტი ყველაზე მოწყვლადია, არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურადაც. სამწუხარო ფაქტია, რომ თუ კომპანია უშუალოდ არ გახდა კიბერშეტევის მსხვერპლი და საკუთარ თავზე არ გამოცადა ის, ძალიან ძნელად მიდის იმის გააზრებამდე, რომ კიბერუსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომების მიღება სჭირდება.

ინფორმაციის მართვის საბაზისო სტანდარტი და სისტემა რომ დანერგონ, ამისთვის ხარჯია გასაწევი, რაც ყოველთვის მტკივენულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, როდესაც ეს თანხები საოპერაციო საქმიანობისთვისაა გამოყოფილი. თუმცა დღეს კიბერრისკები საოპერაციო რისკის ნაწილი გახდა. თუ კომპანიები ადრე საოპერაციო რისკების პრევენციაზე ზრუნავდნენ, კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოება განყენებულად იდგა ხოლმე. დღეს მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ესეც ერთ-ერთი საოპერაციო რისკია და მასაც ასევე სჭირდება შეფასება, შემცირება და გააზრება”, - ამბობს ინგა ქარჩავა.

ცნობისთვის, 2022 წელს მომხდარი კიბერთავდასხმების 43% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდა, მათგან კი თავდაცვის მექანიზმები მხოლოდ 14%-ს ჰქონდათ შემუშავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები