მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერთაღლითობის შემთხვევები გახშირდა - საბანკო ასოციაცია

კიბერთავდასხმა

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის შემთხვევები გააქტიურებულია.

როგორც BMG-ის ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორმა, ინგა ქარჩავამ განუცხადა, განსაკუთრებით გახშირდა ფიშინგის ისეთი ფაქტები, როდესაც მომხმარებლებს საფოსტო გზავნილთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებები მისდით და მათ საეჭვო ბმულზე საბანკო და პერსონალური მონაცემების შეყვანას სთხოვენ.

ქარჩავას თქმით, მომხმარებელი მსგავს ბმულზე არ უნდა გადავიდეს და ფინანსური თუ პერსონალური ინფორმაცია არ უნდა გასცეს. თუმცა, მისი განმარტებით, თუკი ასეთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, მომხმარებელმა შესაბამისი საბანკო ბარათი სწრაფად უნდა დაბლოკოს.

„პერიოდულად აქტიურდება ხოლმე კიბერთაღლითობები. ამ დროისთვის გააქტიურებულია საფოსტო გზავნილებზე ფიშინგ შეტყობინებები. ბევრ მომხმარებელს, ალბათ, მიუღია მსგავსი შეტყობინება. შინაარსი მსგავსია, ამანათის დასადასტურებლად გთხოვენ შეტყობინებაში არსებულ მავნე ბმულზე გადასვლას და იქ გარკვეული ინფორმაციის შეყვანას. ჯერ შესაძლოა, თქვენი მისამართი მიგათითებინონ და შემდეგ უკვე საბარათე და ინტერნეტბანკის მონაცემები შეგაყვანინონ. ამგვარად, ეს მონაცემები კიბერთაღლითებისთვის ხილულია და საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხდება.

მსგავსი შემთხვევების პრევენცია შესაძლებელია იმით, რომ ასეთი შეტყობინებები უგულებელვყოთ, არ უნდა გადავიდეთ მსგავს ბმულზე, მით უმეტეს, თუკი ამანათს არ ველოდებით. თუკი ასეთ საფოსტო მომსახურებას ხშირად ვიყენებთ, ერთადერთი წესი ისაა, რომ ჩვენთვის ნაცნობ სივრცეში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. თუმცა თუკი მაინც გადავედით ასეთ საეჭვო ბმულზე და მაინც შევიყვანეთ მონაცემები, უნდა დავუკავშირდეთ მომსახურე ბანკს და დავბლოკოთ ბარათი. თუ ინტერნეტბანკის მონაცემები გახდა ხილული, პაროლი აუცილებლად უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ინგა ქარჩავამ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში უცხო ნომრებიდან საეჭვო შეტყობინებების გაგზავნის შემთხვევებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც გამოეხმაურა. სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიღებული ბმულების გახსნისგან. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ის შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები