როგორც კიბერუსაფრთხოების მართვის კომპანია Cyper Trust-ის დამფუძნებელი გიორგი იაშვილი BMGDrive-ის ეთერში ქართული ბიზნესების კიბერუსაფრთხოების ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიები მხოლოდ მომხდარი ინციდენტების შემდეგ იღებენ შესაბამის ზომებს და არა - მათი პრევენციისთვის.
“ქართული კომპანიების დამოკიდებულება შეგვიძლია ასე შევაფასოთ: პოსტ-ინციდენტურ პერიოდში, ანუ მას შემდეგ, რაც კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ინციდენტი შეემთხვევათ, ბიზნესი ძალიან მონდომებულია და სურს, საკონსულტაციო მომსახურება გაუწიო. თუმცა როგორც კი გადის რაღაც პერიოდი, ავიწყდებათ ის ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი, რაც მიიღეს კიბერშემთხვევისგან და ფიქრობენ, რომ ფულის დახარჯვა ისეთ ტექნოლოგიაში, რომელიც ხელშესახები არ არის - არ სჭირდება.
ხშირად გვეუბნებიან ბიზნესები, რომ ურჩევნიათ, ისეთი რამე იყიდონ, რაც ხელშესახებია და თვალსაჩინო შედეგს დებს. მაგალითად, შეუძლიათ, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე, სერვერში ექვსნიშნა თანხა გადაიხადონ და თავიანთ ინფრასტრუქტურას მიუერთონ, მაგრამ როდესაც საქმე პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება, რომელიც კიბერინციდენტების პრევენციას უზრუნველყოფს - თავს იკავებენ”, - ამბობს გიორგი იაშვილი.
Cyber Trust-ის დამფუძნებელი ასევე განმარტავს, რომ კიბერუსაფრთხოებისთვის ცალკე ჯგუფები მხოლოდ რამდენიმე მსხვილ კომპანიას აქვს გამოყოფილი, ხშირ შემთხვევაში კი ეს მიმართულება IT სფეროს შემადგენელ ნაწილად ითვლება.
“სულ რამდენიმე კომპანიაა, რომლებზეც შემიძლია ვთქვა, რომ პრევენციულ მექანიზმებს კარგად ნერგავენ და ამისთვის გუნდიც ყავთ დაკომპლექტებული. ამ შემთხვევაში საუბარია დიდ კომპანიებზე, სულ ალბათ 5-6-ია ასეთი, რომლებსაც IT მიმართულებისგან გამოყოფილი კიბერუსაფრთხოების გუნდი ყავს. სამწუხაროდ, ყველა დანარჩენი ამ ყველაფერს რეაქტიულად უყურებს, რომ ზომების მისაღებად ან უნდა მოხდეს რაღაც ინციდენტი, ან მარეგულირებელმა უნდა დაუწესოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები”, - ამბობს გიორგი იაშვილი.
Cyber Trust პანდემიის პერიოდში ჩამოყალიბებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს კიბერუსაფრთხოების მართვის, რისკების პრევენციისა და საკონსულტაციო მომსახურებებს სთავაზობს.