კიბერუსაფრთხოების ექსპერტი გიორგი იაშვილი თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს საინფორმაციო ომი უფრო მასშტაბურია, ვიდრე - სამხედრო. ამის შესახებ Cyber Trust-ის დამფუძნებელი BMGDrive-ის ეთერში განაცხადა.
"დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნაწილი კამპანიად ვერ მოინათლება, გამომდინარე იქიდან, რომ დეზინფორმაცია არ იწყება და მთავრდება კონკრეტულ დროში, ის ინფორმაციული ომის შემადგენელი ნაწილია, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ჰიბრიდული აქტორის ხელში. ჰიბრიდული აქტორი ჩვენთვის და ნახევარი მსოფლიოსთვის არის კრემლი და მისი სპეცსამსახურები, სხვებისთვის სხვა ქვეყნები, ან ტერორისტული ორგანიზაციები, დიდი კორპორაციები, რომლებიც ახორციელებენ გავლენის ოპერაციებს. სწორი შეფასება იქნება, თუ ვიტყვით, რომ ინფორმაციული ომის ყველაზე აქტიურ ფაზაში ვართ, რომელშიც შედის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და სხვა ქვე მიმართულებები, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე სამხედრო აგრესია და სამხედრო აქტივობები. ეს მიმართულებები ბევრად უფრო ფართოდაა გავრცელებული და უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს მასებზე, ვიდრე სამხედრო ოპერაცია შეიძლება განვიხილოთ ამ კუთხით. კიბეროპერციები და ინფორმაციული ოპერაციები ორი პარალელური მიმართულებაა ჰიბრიდული აქტორის არსენალში", - განმარტავს გიორგი იაშვილი.
ჰიბრიდულ საფრთხეებზე საუბრისას იაშვილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ომის ველზე სამხედრო აგრესია უკანასკნელი ფორმაა, რომელსაც ყველა სხვა მეთოდის ამოწურვის შემდეგ იყენებენ.
"ჰიბრიდულ საფრთხეზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ არ შეცვლილა აქტორები, უბრალოდ შეიცვალა მეთოდები. მეთოდებში ვგულისხმობთ, რომ პირველ რიგში, ყველა მოწინააღმდეგე, ჰიბრიდული აქტორი მსოფლიოში მიხვდა, რომ სამხედრო აგრესია არის უკიდურესი ფორმა და ბოლო ეტაპი, როცა სხვანაირად ვერ აღწევს მიზანს.
ხშირად ახსენებენ "გერასიმოვის დოქტრინას", რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის, რომლის ხედვაც იყო, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს კრემლმა თავისი მიზნის მისაღწევად, მაგრამ ამ ყველაფერში 80% უნდა იყოს არასამხედრო მოქმედებებით და, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, მხოლოდ 20% დაეთმოს სამხედროს. ამ 80%-ში ვტრიალებთ, როდესაც ვსაუბრობთ კიბეროპერაციებზე, ინფორმაციულ ოპერაციებზე, დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე, მანიპულაციაზე და ა.შ.",- ამბობს Cyber Trust-ის დამფუძნებელი.
იაშვილი განმარტავს, რომ ბრძოლის ამ მეთოდთან - დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან - ბრძოლა დემოკრატიული საზოგადოებებისთვის უფრო რთულია, ვინაიდან ავტორიტარული სახელმწიფო ნებისმიერ მსგავს გეგმას ერთპიროვნულად, ცენტრალიზებულად იღებს.
"ერთი მხრივ, საწყისი გარემო ყველას ერთი გვაქვს, მას ვინც ავრცელებს დეზინფორმაციას და ვინც ამ ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ერთი მხარე ცენტრალიზებულად მართავს პროცესს, დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოებებს განსაკუთრებით უჭირთ დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
ცივი ომის პერიოდშიც, საბჭოთა პროპაგანდის წინააღმდეგ რეაგირების კუთხით ყოველთვის იყო ხარვეზი, რომ ერთიანი რეაგირება ვერ ხერხდებოდა. ყველა დასავლურ ქვეყანას ცალკე უნდა გადაედგა შესაბამისი კონტრნაბიჯი. როცა ერთი ნარატივი ვრცელდება ერთი მხრიდან, ფიზიკურად შეუძლებელია ეს ყველამ ერთად უარვყოთ.
პარადოქსია, მაგრამ დეზინფორმაციულ კამპანიებს გაცილებით უკეთ უმკლავდება ავტორიტარული რეჟიმები - ორი ავტორიტარული რეჟიმი ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო რეზისტენტულია, ვიდრე როდესაც ერთ მხარეს ავტორიტარიზმია და მეორე მხარეს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება", - ამბობს გიორგი იაშვილი.