მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირებული Black Sea Arena მუსიკალური ბიზნესისთვის საკმაოდ ხელის შემშლელია - კლუბი KHIDI

64520227a98e5
თინათინ ნატმელაძე
04.05.23 09:00
1561
"სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული Black Sea Arena და მათ მიერ ორგანიზებული კონცერტები ზოგადად ბიზნესს აფუჭებს, რადგან ამ დროს სახელმწიფო უზარმაზარი ბიუჯეტით შემოდის ჩვენთან კონკურენციაში და ცხადია, რომ მას კონკურენციას ვერცერთი კერძო სექტორი ვერ გაუწევს", - აცხადებს კლუბი "KHIDI"-ის წარმომადგენელი სოფო ებრალიძე BM.GE-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული კონცერტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, საკლუბო სექტორს არ ეხება, მაინც ადგილობრივად, მუსიკალური ბიზნესისთვის საკმაოდ ხელის შემშლელია.

სოფო ებრალიძე აღნიშნავს იმასაც, რომ საკლუბო სფერო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პანდემიის პერიოდში ძალიან დაზარალდა და ორწლიანი ფინანსური ზარალიდან ჯერაც ვერ ამოვიდა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ სექტორს არანაირი დახმარება არ შეხებია.

"რასაც ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან ვითხოვდით და რაც ახლაც რელევანტური მგონია, არის ის, რომ შეგვიმსუბუქოს გადასახადები, იმიტომ რომ არ განხრით მართლა ვიხრჩობით - ჩვენ ყოველკვირეულად 100-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ვიწვევთ როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ არტისტებსაც, შეაბამისად საკმაოდ დიდი ფინანსური ზეწოლა გვაქვს.

საკლუბო სფერო იყო დამოუკიდებელი, ამჟამადაც დამოუკიდებელია და სახელმწიფო უწყებებთან არ აქვს კომუნიკაცია და ჩვენ არც არასდროს მოგვითხოვია სუბსიდირება, მხოლოდ ერთხელ, პანდემიის პერიოდში, ერთჯერადად დაგვეხმარა ხელისუფლება, დანარჩენად ჩვენით დაინტერესება საერთოდ არ ყოფილა", - აცხადებს "KHIDI"-ის წარმომადგენელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ წელს "Black Sea Arena"-ს ახალი კამპანიის ფარგლებში 6 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი ანონსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. რამდენს იხდის გადასახადის გადამხდელი უკვე დაანონსებულ კონცერტებში, ეს ჯერ გასაჯაროებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები