შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სამინისტროს განცხადებით, მას შინაგან საქმეთა სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
აღსანიშნავია, რომ ბახუაშვილი გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად მიმდინარე წლის 23 მაისს დაინიშნა.
ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრს ექვსი მოადგილე ჰყავს. მათ შორის, გიორგი ბახუაშვილი და გაგა კირკიტაძე თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში დაინიშნენ.
საკადრო ცვლილებები ძალოვან უწყებებში ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 21 აპრილს წარადგინა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი სულხან თამაზაშვილმა დაიკავა.


























