მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Sun Pharma ამერიკულ Organon-ს $12 მილიარდად ყიდულობს

sun

ინდოეთის უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Sun Pharma-მ ამერიკული Organon-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. გარიგება, რომლის ღირებულებაც ვალის გათვალისწინებით $12 მილიარდს შეადგენს, ინდოეთის ფარმაცევტული სექტორისთვის ყველაზე მასშტაბური ტრანზაქციაა.

ინდური მხარე Organon-ის თითოეულ აქციაში $14.00-ს გადაიხდის, რაც 24%-იან პრემიუმს წარმოადგენს.

კომპანიის განცხადებით, მოცემული შესყიდვა Sun Pharma-ს შემოსავლებსა და საოპერაციო მოგებას გააორმაგებს. ანალიტიკოსების პროგნოზით, გარიგება კომპანიის გაყიდვებს $6.2 მილიარდით გაზრდის, ხოლო 2028 ფისკალური წლისთვის აქციაზე მოგების 30%-40%-იან ზრდა იქნება შესაძლებელი.

სტრატეგიული თვალსაზრისით, Sun Pharma-სთვის ეს ნაბიჯი მაღალმარჟიან სექტორებში, კერძოდ, დერმატოლოგიაში, ონკოლოგიასა და სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართულებით გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამ გზით კომპანია აშშ-ის ბაზარზე შემცირებული გაყიდვების დაბალანსებასა და ჩინეთის, ბრაზილიისა და სხვა განვითარებადი რეგიონების ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ გარიგების შედეგად ინდური გიგანტის პორტფელში ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით 70-ზე მეტი პრეპარატი გაჩნდება, რომლებიც მსოფლიოს 140 ქვეყანაში იყიდება.

Reuters-ის ინფორმაციით, ინდური კომპანიების მხრიდან ამერიკული აქტივების მიმართ ინტერესის ზრდა აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის ცვლილებამ გამოიწვია, რამაც ადგილობრივი წარმოების გაფართოების აუცილებლობა შექმნა. მიუხედავად ფინანსური სარგებლისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Organon-ის შესყიდვა Sun Pharma-ს პოზიციებს უშუალოდ აშშ-ის შიდა ბაზარზე მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის, რადგან ამერიკულ კომპანიას იქ შედარებით მცირე წილი უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები