აშშ-ის ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი Kroger-ი „გმირის ბონუსს“ აწესებს იმ თანამშრომლებისთვის, ვინც მუშაობას აგრძელებს კორონავირუსის ეპიდემიის დროს. თითოეული თანამშრომელი საათში დამატებით 2 აშშ დოლარის ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბონუსური ანაზღაურება 29 მარტიდან - 18 აპრილამდე პერიოდს შეეხება და ანაზრაურება მოხდება კვირაში ერთხელ. ეს შეეხება ყველა განყოფილებაში მომუშავე თანამშრომლებს: სასურსათო ქსელი, წარმოება, აფთიაქი და ქოლ-ცენტრი.
„ჩვენმა თანამშრომლებმა ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს, ისინი დაუღალავად და გაბედულად მუშაობენ ყველაზე რთულ პერიოდში, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა“, - განაცხადა Kroger-ის აღმასრულებელმა დირექტორმა როდნი მაკმულენმა.
Kroger-მა ასევე განაცხადა, რომ ის ანაზღაურებად შვებულებას და დამატებით ბონუსს მისცემს ყველა თანამშრომლებს COVID-19-ით ინფიცირების და კარანტინის შემთხვევაში.