საცალო ვაჭრობის სექტორში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხელფასები გაორმაგდა, თუმცა სამუშაო ძალაზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, კომპანიებს ანაზღაურების კიდევ უფრო გაზრდა მოუწევთ. ამის შესახებ „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ხაბაშვილის განმარტებით, სექტორში არსებული დინამიკა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე არსებულ კადრების დეფიციტთან და გაზრდილ საოპერაციო ხარჯებთან.
"თუ კვლევებს დავეყრდნობი, მონაცემების მიხედვით, ჩვენს სექტორში საშუალო ხელფასი დაახლოებით 1500-დან 1700 ლარამდეა. მაგალითად, დაახლოებით 300 კვადრატული მეტრის ფართობის ობიექტის მენეჯერს აქვს დაახლოებით 1700-1800 ლარი ხელფასი. ბონუსებიც არის და ისინი გამომუშავებაზეა დამოკიდებული.
მე არ ვამბობ, რომ ჩვენი სექტორი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადია. თუმცა მგონია, რომ ხელფასები კიდევ გაიზრდება. რასაც ვამბობ, არის ის, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურება თითქმის გაორმაგებულია.
გეთანხმებით 100%-ით, რომ ეს კარგია, და გეტყვით რატომ. მომავალშიც მოგვიწევს სახელფასო ანაზღაურებების გაზრდა, რადგან ბაზარზე მოთხოვნა მაღალია. ბევრ კომპანიას სჭირდება თანამშრომლები და ბევრი ადამიანის აყვანა უნდა. ვაცხადებთ კონკურსებს და შეგიძლიათ ნებისმიერ პორტალზე ნახოთ, რამდენი ვაკანსია დევს რიტეილ სექტორიდან.
რა თქმა უნდა, აქ ეკონომიკური ფაქტორიც მუშაობს: როდესაც კადრების დეფიციტია, იძულებული ხარ ხელფასები გაზარდო. ეს ზრდა, თავის მხრივ, საოპერაციო ხარჯების ზრდას ნიშნავს. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე იზრდება", - განაცხადა ხაბაშვილმა.
თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რამდენია მოლარეების და კონსულტანტების ანაზღაურება.
კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელფასების ზრდასთან ერთად, ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უძრავი ქონების ფასების ყოველწლიური მატებაც, რაც საბოლოო ჯამში საოპერაციო დანახარჯებზე აისახება.
ცნობისთვის,ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. 5 მარტს გაიმართა შეხვედრა დისტრიბუტორებთან.
ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.




























