უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა და 40 ოჯახი საშიში ზონიდან გაიყვანეს. 10 მოქალაქე კი, სასტუმროშია გადაყვანილი - ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გასწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა.
"მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა ადგილობრივ მცხოვრებთა შორის 10 მოქალაქის გადაყვანა სასტუმროში და 40 ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები. მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გასწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა, ვინაიდან ხსენებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის.
რაც შეეხება ხსენებულ ფაქტს, ვინაიდან ღამით ადგილზე შეუძლებელი და საფრთხის შემცველია რაიმე საქმიანობის განხორციელება, ხვალ დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს.გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში.მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს" - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ მეწყრული პროცესების განვითარების შემდეგ ბაღდათის მუნიციპალიტეტ სოფელ ნერგეეთში 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ერთი ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები კი, კვლავ მიმდინარეობს.