საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო სუროგაციის სრულად აკრძალვას ემხრობა. როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, ნაწილობრივი აკრძალვა უკონტროლო პროცესებს გამოიწვევდა.
ჯაღმაიძის თქმით, სუროგაცია „ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან“ და ამ საკითხზე ხელისუფლებასთან საუბრის დაწყება პატრიარქის ინიციატივა იყო.
„საღვთისმეტყველო აზრით, სუროგაცია არის დარღვევა, იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს, არაბუნებრივი პროცესია. ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები.
ამიტომ, მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. როგორც კირცხალიამ განაცხადა, საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. ამავდროულად, მისი განმარტებით, ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მმართველი პარტიის ინიციატივას დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე მიესალმა პატრიარქი შიო III-ც და დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებას წინ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის გამართული კონსულტაციები უსწრებდა.
























