მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუროგაციის შემზღუდავი კანონის განხილვის ვადა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდება - რეგულაცია 2024 წელს უნდა ამოქმედებულიყო

სუროგაცია

სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების სერვისების უცხოელი პაციენტებისთვის აკრძალვის ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2023 წელს დააანონსა, პარლამენტში განსახილველად დაბრუნდა, თუმცა პროცესი კვლავ ჭიანურდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მის ამოქმედებას 2024 წლის 1 იანვრიდან გვპირდებოდა, პარლამენტის ბიურომ საკითხის განხილვის ვადა კიდევ 90 დღით, 2026 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.

საუბარია 2023 წელს ინიციირებულ ცვლილებებზე სუროგაციის კანონის შეცვლის შესახებ, რომელიც პირველ ეტაპზე დაჩქარებულად განიხილებოდა და ამოქმედების ვადად იმჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი 2024 წლის 1 იანვარს ასახელებდნენ.

კანონპროექტების პაკეტი მოიცავს როგორც „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე ცვლილებებს ჯანმრთელობის დაცვის, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაუწყებლობის, რეკლამის, პაციენტის უფლებების, საემიგრაციო, სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა შესაბამის კანონებსა და ორგანულ კანონპროექტს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.

კომიტეტის ინფორმაციით, საკითხის აქტუალობიდან და მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, განხილვის პროცესში გაიმართა არაერთი შეხვედრა ექსპერტებთან, პროფესიულ წრეებთან და თემით დაინტერესებულ სპეციალისტებთან. ამასთან, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი ინტერსექტორალური კონსულტაციების გამართვას სავალდებულო განხილვამდე.

აღნიშნულის საფუძველზე, კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს მიმართა თხოვნით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა 90 დღით გაგრძელდეს.

bm.ge როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე მედიცინის სექტორის სამიზნე ჯგუფთან შეეცდება დამატებითი დეტალები გაარკვიოს კანონის მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.

კანონპროექტი, რომელიც უცხოელი პაციენტებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის სერვისებით სარგებლობას კრძალავდა, დაჩქარებული წესით აღარ განიხილება და ერთადერთი სიახლე, რაც სამინისტრომ დარგს დაუწესა, ახალი რეგულაცია იყო: სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულებისთვის რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაციის ეროვნულ რეესტრში ასახვა სავალდებულო გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები