მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სურსათის ბანკები" - რა გამოწვევები შეიძლება ახლდეს სურსათის უანგაროდ გაცემას?

მირანდა მანჯგალაძე

„ცალსახად, არ შეიძლება დადებითის გარდა, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, სხვა ასოცირება მოხდეს",  - ასე აფასებს რიტეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტს.

პარლამენტი „სურსათის ბანკის“ შექმნისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს განხილვას  მიმდინარე კვირაში დაუბრუნდა.  აგრარულმა კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად  უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი შესაძლებლობას იძლევა საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდეს და ადამიანებმა მათი გამოყენება შეძლონ. 

მირანდა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული  საგადასახადო შეღავათები  (ბიზნესოპერატორები მოგების გადასახადით არ დაიბეგრებიან  საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდებისას და მათი იგივე ქმედება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით იქნება გათავისუფლებული) ორგანიზებული ქსელური მარკეტებისთვის გაზრდის მოტივაციას შეაგროვონ საკვები და გადასცენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ჩამოწერის ნაცვლად.

რიტეილ ექსპერტი კანონპროექტთან დაკავშირებით 2 გამოწვევაზე აკეთებს აქცენტს. პირველი ქსელური მარკეტების რეპუტაციულ რისკია, მეორე კი  ლოგისტიკურ სირთულეებს უკავშირდება.

„აუცილებელია, კანონპროექტთან ერთად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, უნდა გამოიყოს ბიუჯეტი ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის.  მაგალითად,  როდესაც, ერთი კონკრეტული ქსელი გასცემს ჩამოწერილ, ან  ვადასთან მიახლოებულ არარისკიან საკვებს, საქართველოში ეს პროდუქტი შეიძლება აღქმული იყოს არასწორად და უწოდონ,  ჟარგონით რომ ვთქვათ,  „ნარჩენი“, „ნაგავი“, „გაფუჭებული“, რაც ბრენდთან უარყოფითად ასოცირდება. პირობითად რომ ვთქვათ, შესაძლოა გაჩნდეს შეფასებები, რომ  აი, რომელიღაც ქსელური მარკეტი გაფუჭებულ პროდუქციას აძლევს მომხმარებელს. ვინც ვყოფილვართ საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით წარმატების ისტორიები სადაც არსებობს (ბელგია, საფრანგეთი) გვინახავს კალათებში გამოტანილი ვადასთან მიახლოებული ან  ვადა ამოწურული პროდუქცია, რომელიც ან  სრულიად უსასყიდლოდ გაიცემა, ან ფასდაკლებით იყიდება და მას ყიდულობს ძალიან მაღალშემოსავლიანი ადამიანიც კი. ამ ცნობიერებამდე მისვლა აუცილებელია, ამისთვის უნდა დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები, რომ როდესაც რიტეილის წარმომადგენელი  აკეთებს ქველმოქმედებას „არ გაეხვიოს შარში“, არ აგორდეს მის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია“, - ამბობს მირანდა მანჯგალაძე.

მისი თქმით, მეორე გამოწვევაა ლოგისტიკა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებმა შეძლონ უსაფრთხოდ, პროცედურების დაცვით უზრუნველყონ საკვების შეგროვება და განაწილება.

„როდესაც საცალო მოვაჭრე შეაგროვებს პროდუქციას და მზად არის გასცეს,  საქველმოქმედო ორგანიზაცია უნდა იყოს გაკონტროლებული, რომ ყველა პროცედურა იყოს დაცული.  საკვების აღება/ დისტრიბუცია/ საბოლოო მომხმარებლამდე მიტანა უნდა იყოს მისი პასუხისმგებლობა და ეს პროცესი უნდა  იყოს გამჭვირვალე და გაკონტროლებული, რომ თავიდან ავიცილოთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა“ - განმარტავს რიტეილ ექსპერტი.

მირანდა მანჯგალაძე პროცესში მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია კანონის აღსრულების ნაწილში უნდა ჩაიდოს კონკრეტული მექანიზმები, რომელიც თუნდაც ნაკლებად რისკიანი პროდუქციის შეგროვება/ გაცემისას რისკები მინიმუმამდე იყოს შემცირებული. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები