“სურსათის ჯგუფში გვაქვს ორნიშნა ინფლაცია, რაც კიდევ უფრო მძიმე მაჩვენებელია, რადგანაც საშუალო სამომხმარებლო ხარჯის დაახლოებით 1/3 სწორედ სურსათზე მოდის”, - ამის შესახებ ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონეზე საუბრისას აცხადებს.
ოფიციალური სტატისტიკით, ოქტომბერში ფასების საერთო დონე 5,2%-მდე დაჩქარდა, რაც 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტრადიციულად, ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათის ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების თითქმის 12%-იანმა ზრდამ იქონია. მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ხილი და ბოსტნეული გაძვირდა, სადაც ძირითადად ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.
ირაკლი მაკალათიას შეფასებით, ფასების საერთო დონე არ არის მაღალი, მაგრამ ცალკეულ პროდუქტებზე ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე მოქმედებს. მისი განმარტებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ქვეყანაში ინფლაციის ზრდა განაპირობა, საბაზო ეფექტია, რადგან გასულ წელს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების საკმაოდ დაბალი დონე იყო.
“ინფლაციის 5,2%-იანი მაჩვენებელი ერთი შეხედვით არ არის კატასტროფული მაჩვენებელი, რადგან ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ბევრად არ არის აცდენაში, თუმცა მეორეს მხრივ, რაც უარყოფითი ტენდენცია ვლინდება არის ის, რომ წლის დასაწყისიდან ყოველთვე გვაქვს ინფლაციის ზრდის ტემპი. მიუხედავად იმისა, რომ 5.2%-იანი ინფლაცია გვაქვს, სურსათის ჯგუფში ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელია, ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის ჯანდაცვის ჯგუფში.
ის, რომ სურსათის ჯგუფში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, ეს კიდევ უფრო მძიმე მაჩვენებელია, რადგანაც საშუალო სამომხმარებლო ხარჯის დაახლოებით ერთი მესამედი სწორედ სურსათზე მოდის. შესაბამისად, სურსათზე ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი მოსახლეობის ჯიბეზე განსაკუთრებით მტკივნეულად, მძიმედ აისახება და განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ადამიანებზე, რომელთა სამომხმარებლო კალათის მოხმარების ძირითადი წილი სწორედ სურსათზე მოდის.
რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ გვაქვს მაღალი ინფლაცია. პირველი, ეს არის საბაზო ეფექტი. საბაზო ეფექტში ვგულისხმობთ იმას, რომ გასულ წელს გვქონდა ისტორიულად დაბალი ინფლაცია, ნულთან მიახლოებული ფასების ზრდა. შესაბამისად, მაღალი პროცენტული ზრდა წელს მოსალოდნელი იყო.
რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ პარამეტრებს, აქ რამდენიმეზე შეიძლება საუბარი. პირველი ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წლებია ეკონომიკაში უფრო მეტი ფული შემოდის, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება. ანუ, ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს აძლევს სავალუტო ბაზარს, ვიდრე ეკონომიკას სჭირდება, შესაბამისად, ჭარბი ფულის მიწოდება იწვევს ინფლაციის ზრდას.
ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ის, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს “ბეჭდავს”, აწვდის სავალუტო ბაზარს, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება და გვაქვს ინფლაცია და ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა. მეორეს მხრივ, ჩვენ მცირე ეკონომიკა გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ისეთი წარმოება, რომელიც დააბალანსებდა ფასებს ქვეყანაში. ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. შესაბამისად, საგარეო ფაქტორებიც ცხადია, გავლენას ახდენს ინფლაციის ფორმირებაზე”, - განმარტავს მაკალათია.
ინფლაციის დონიდან გამომდინარე ის არ ელის, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს.
“ვფიქრობ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გადახედვა არ მოხდება. მაკროეკონომიკურ ჭრილში არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გადახედვა მოხდება გაზრდის მიმართულებით”, - აცხადებს ეკონომისტი.
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 2024 წლის მაისიდან 8%-ზე ინარჩუნებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ახალ განაკვეთს 2 დღეში, 5 ნოემბერს დაადგენს.




























