"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნება.
მან ამის შესახებ საკადრო გადაწყვეტილებებზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე", - თქვა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ოხანაშვილის დამტკიცებას პარლამენტში მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ოხანაშვილს პაატა სალია შეცვლის.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ "ოცნება" რეგიონული განვითარების სამინისტროს ქმნის, რომელსაც სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.
ანრი ოხანაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი).
2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრატურა).
2010 წელს დაამთავრა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (LL.M.).
2020 წელს დაიცვა დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის (Doctor iuris) აკადემიური ხარისხი.
2010-2023 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.
2007-2012 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
2008-2010 წლებში იყო ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ პროექტში მეცნიერ-თანამშრომელი.
2008, 2011-2012 წლებში იყო სტუდენტური გაცვლითი სემინარის („Netzwerk Ost-West“) სამეცნიერო ხელმძღვანელი.
2016-2017 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
2017-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს (ხაზინადართა საბჭო) წევრი.
2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრი.
2019-2023 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.
2021-2024 წლებში იყო ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.
2015 წლიდან არის გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის (DGStZ) ერთ-ერთი გამომცემელი.
2023 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
- ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
- ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.




























