მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუს-ს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და IT პროგრამების შეძენა ნებართვების გარეშე შეეძლება

647eea039891d
შოთა ტყეშელაშვილი
06.06.23 13:15
2445
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონის მიღების შემთხვევაში, სუს-ს და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს მომსახურების და საქონლის შეძენისას წინასწარი ლიცენზიის აღება აღარ მოუწევთ.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სპეციალური დანიშნულების მქონე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შეძენას ახორციელებენ, რომლებიც მათი სპეციფიკიდან და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კატეგორიაში ხვდებიან და შესაბამისად, მათი იმპორტი ან ექსპორტი სათანადო ნებართვების მიღებას საჭიროებს, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციულ-ფორმალური პროცედურების გავლას უკავშირდება და პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის პროცესის შეფერხებას იწვევს.

“კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების საჭიროებისგან გათავისუფლდებიან, რაც აღნიშნული სუბიექტების მიერ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელებას მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს და მოქნილს გახდის“, - აღნიშნავენ ინიციატივის ავტორები.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი 180 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები