სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. სუსის ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება შეეძლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, აკადემია მიმდინარე წელს პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რეფორმის ფარგლებში, გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა აკადემიის სტატუსით. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა. პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
მისივე თქმით, სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების კომპონენტებს.
გარდა სამაგისტრო პროგრამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებიც პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი 2020 წელს გაიხსნა.



























