თამაზ ბორაშვილი სუსის მე-6 უფროსად, 6 წლით აირჩიეს - მის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ირაკლი კობახიძემ სუსის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა 14 სექტემბერს წარადგინა , ის ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა 14 სექტემებრს დატოვა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. ის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ამტკიცებს. მიუხედავად ამისა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.
სუს-ის პირველი პირის თანამდებობას სხვადასხვა პერიოდში იკავებდნენ:
- ვახტანგ გომელაური (2015 წლის 1 აგვისტო – 2019 წლის 8 სექტემბერი) - გამოყოფილი უწყების პირველი ხელმძღვანელი. მან თანამდებობაზე 4 წელზე მეტი დაჰყო, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.
- გრიგოლ ლილუაშვილი (2019 წლის 17 ოქტომბერი – 2025 წლის 2 აპრილი) - სუს-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომუშავე ხელმძღვანელი. მან თანამდებობაზე 5 წელზე მეტი დაჰყო. 2025 წლის 2 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა, თუმცა ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ მათ სამინისტროს საქმიანობის პრინციპებსა და საკადრო პოლიტიკაზე, მათ შორის მოადგილეების საკითხზე, განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ და ლილუაშვილი მინისტრი აღარ გახდებოდა. ლილუაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა და ის ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა.
- ანრი ოხანაშვილი (2025 წლის 4 აპრილი – 2025 წლის 23 აგვისტო) - პარლამენტმა სუს-ის უფროსად 6 წლის ვადით დაამტკიცა, თუმცა თანამდებობაზე 5 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში დარჩა.
- მამუკა მდინარაძე (2025 წლის 3 სექტემბერი – 2026 წლის 21 აპრილი) - „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი სუს-ს დაახლოებით 7 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
- გეკა გელაძე (2026 წლის 21 აპრილი – 2026 წლის 14 სექტემბერი) - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც სუს-ის უფროსის თანამდებობა დანიშვნიდან 5 თვეზე ნაკლებ დროში დატოვა.
























