სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება გაზმომარაგების კონტრაქტთან დაკავშირებით, რამაც სავარაუდოდ, საქართველოსთვის პირობები გააუარესა.
აღნიშნული ირკვევა ლევან დავითაშვილის დაკითხვის შემდეგ, ყოფილი პრემიერის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარიდან რამდენიმე წუთში გავრცელებული სუსის განცხადებიდან, სადაც მამუკა მდინარაძის უწყება ყოფილ ვიცე-პრემიერს უზუსტობაში ამხელდა.
1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.
2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზედაც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ“, - ეწერა სუსის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის დაკითხვის დასრულებამდე სუსმა მედიას განუცხადა, რომ ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი "ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან", თუმცა არც კომპანია არ სახელდება.
სუსში 6-საათიანი გამოკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა კი თქვა, რომ გამოკითხვა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა.
"ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ.
ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ", - თქვა ლევან დავითაშვილმა და მედიის დამაზუსტებელ კითხვებს არ უპასუხა.
მართალია, არც ლევან დავითაშვილს დაუსახელებია ნავთობკომპანია, მაგრამ შესაძლებელია, საქმე ეხებოდეს "სოკართან" თანამშრომლობას.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების 2024 წლის ერთიანი ანგარიშის თანახმად, "საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანს - შეასრულოს ევროკავშირთან 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული შეთანხმებები, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას ევროკავშირისთვის წელიწადში მინიმუმ 20 მლრდ. მ3-მდე 2027 წლისთვის (2021 წელს 8,1 მლრდ. მ 3 იყო).
„ქართული მხარე დათანხმდა “სოკარის“ თხოვნას, საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილი დროებით ყაზახი-საგურამოს გაზსადენით მიიღოს და სკმ-ში გამოთავისუფლებული სიმძლავრე ევროკავშირისათვის განკუთვნილი გაზის მიწოდებისათვის გამოიყენოს. შედეგად, ევროპისთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებით დაახლოებით 1,1 მლრდ. მ 3 აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი“, - წერია ანგარიშში.
BMG-ის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაშიც საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილს ყაზახი-საგურამოს გაზსადენით იღებს, თუმცა აზერბაიჯან-საქართველოს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ყაზახი-საგურამოს მილსადენიდან გაზის მიღება ვერ მოხერხდება, [ავარიის ან სხვა მიზეზით] საქართველოს აქვს უფლება, კუთვნილი ბუნებრივი აირი ისევ სამხრეთკავკასიური გაზსადენით მიიღოს.




























