სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად, სასამართლომ 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ მხარეები 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის ცნობით, ახობაძემ 2024 წლის აპრილში ქრთამის სახით 250 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფული აიღო. საქმე ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 40 მილიონი რუბლის გატარებაში დახმარებას.
გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე ქრთამის აღების ბრალდებით 2026 წლის 22 მაისს დააკავეს. იგი სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან 2025 წლის აპრილამდე იკავებდა.
წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
























