ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineat-ს ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ციკოლიას განცხადებით, საქართველოს აქვს შანსი, მაქსიმალურად გადააწყოს საკუთარი ეკონომიკა ტექნოლოგიურ განვითარებაზე. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა ქვეყნების, მათ შორის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების განვითარებაში ხელოვნური ინტელექტის როლი იყო. „ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ საშუალება, მიიღონ STEM განათლება, ინჟინერიასა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ციკოლიამ, რომელიც ზოგადად, ხელოვნურ ინტელექტს განიხილავს არა - როგორც ადამიანის ჩამნაცვლებელს, არამედ ეფექტიანობის და პროდუქტიურლობის გაზრდის ინსტრუმენტს.
- ფართო სურათში შევხედოთ ხელოვნური ინტელექტის როლს - განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის AI-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „Great Equalizer“-ს (დიდ გამათანაბრებელს). ითვლება, რომ მისი დახმარებით განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ, გარკვეული ეტაპები უფრო სწრაფად გაიარონ. თქვენი გამოცდილებით, სად ხედავთ საქართველოს პოტენციალს - რა შეიძლება გავყიდოთ გლობალურ AI ეკონომიკაში და რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ პოტენციალის გამოსაყენებლად?
- ფრაზა „გამათანაბრებელი“ პირველად ინტერნეტის შემოსვლისას დამკვიდრდა... მაშინ იყო მოლოდინი, რომ ინტერნეტი პატარა ქვეყნებისა და კომპანიებისთვის ბიძგი იქნებოდა და საერთო ეკონომიკის დემოკრატიზაციას მოახდენდა. ინტერნეტმა თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა, თუმცა ე.წ. „Web 1.0“ და „Web 2.0“ ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს, ხელოვნური ინტელექტის შემოსვლით, ამ მოლოდინის მეორე ტალღა წამოვიდა და შედეგებს უახლოეს წლებში დავინახავთ; თუმცა ბოლო ორი წლის ცვლილებები ერთ რამეს ნათლად აჩვენებს: სამყარო ორ ნაწილად იყოფა. ერთ მხარეს არიან დიდი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი კაპიტალი (როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფოს მხრიდან), რომ ინვესტიცია ჩადონ AI ინფრასტრუქტურაში - მოდელებში, მონაცემთა ცენტრებში და ა.შ. მაგალითისთვის, ამერიკული IT გიგანტების „დიდი ოთხეული“ მხოლოდ წელს ამ მიმართულებით 650 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას გეგმავს. რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნებს არ აქვთ რესურსი, ანალოგიური ინვესტიციით მათ კონკურენცია გაუწიონ, თუმცა ჩვენ გვაქვს შანსი, მაქსიმალურად გადავაწყოთ საკუთარი ეკონომიკა ტექნოლოგიურ განვითარებაზე, განსაკუთრებით კი ისეთი სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა, როგორიც საქართველოს აქვს.
- კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს?
- რამდენიმე რამ არის აუცილებელი. პირველი - რაც ალბათ ახალი არ არის - საჭიროა, თანმიმდევრული პოლიტიკა განათლებაში. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ საშუალება, მიიღონ განათლება STEM ინდუსტრიაში, ინჟინერიასა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით...
- ჩვენთან ახლა განათლების დიდი რეფორმა მიმდინარეობს - ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, მოიტანს იმ შედეგს, რაზედაც თქვენ საუბრობთ?
- სიმართლე გითხრათ, არ მსმენია, რომ ამ კუთხით რაიმე კონკრეტული გრძელვადიანი სტრატეგია არსებობდეს. ვისურვებდი, გვქონდეს გათვლა არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ იმაზეც, თუ რა ცოდნა და შესაძლებლობები ექნება ახალ თაობას წლების შემდეგ ამ ინდუსტრიაში ჩასართავად. მეორე ელემენტია საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის გაგრძელება, რათა ხალხს მივცეთ საშუალება, ამ კომპანიების მეშვეობით გლობალური ბაზრის ნაწილი გახდნენ.
- ეტყობა სახელმწიფოს ამ მხრივ აქტიურობა?
- იცით, ჩვენი ინდუსტრია ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით ერთგვარი Outlier-ია, ცალკე დგას. აქ წამყვანი ძალა სწორედ საერთაშორისო კომპანიებია. თქვენ ახსენეთ რიცხვები - საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავლები შარშან ცხრა თვეში 790 მილიონ დოლარს აღემატებოდა - ეს იყოს ექსპორტი საქართველოსთვის, ძირითადად აშშ-ში. ამაში ჩვენი კომპანიის წვლილიც არის. ვფიქრობ, 2025 წლის შედეგი, [რომელსაც ეროვნული ბანკი მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს], მილიარდს გადააჭარბებს. ჩვენ უნდა გავხდეთ ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ადგილობრივი კომპანიები და სპეციალისტები AI სერვისებისა და პროდუქტების შექმნით ასეთი მოცულობის ექსპორტს უზრუნველყოფენ. ხელფასები უკვე ვახსენეთ [IT სექტორში საშუალო ხელფასი 4300 ლარამდეა] და წარმოიდგინეთ, ექსპორტი მილიარდის ნაცვლად 10 მილიარდი დოლარი რომ გახდეს და 55 000-ის ნაცვლად 200 000 ადამიანი დასაქმდეს...
- რა არის საქართველოში ICT სექტორის სუსტი წერტილი, რის გამოსწორებასაც ისურვებდით, როგორ ინვესტორი?
- სუსტი წერტილი ალბათ ბევრ საკითხთან მიმართებით არსებული მოკლევადიანი ხედვაა. საჭიროა, უფრო გრძელვადიანი გათვლა - რას ვაკეთებთ, რისთვის და რა შედეგი ექნება ამას არა მხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგ.
- ანუ მეტად პროგნოზირებადი ბიზნესგარემო?
- დიახ, ბიზნესისთვის ეს აუცილებელია.




























